
TI – 2022 წელს რუსეთიდან საქართველოში 1.1 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა
22/02/2023 11:02:52 საზოგადოება
„საქართაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ (TI) ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა.
"2022 წელს რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა - სულ 1.1 მლნ ვიზიტორი შემოვიდა. 2019 წელთან შედარებით, რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა მაინც 26%-ით ნაკლებია. თუმცა, ცალკე აღებულ სექტემბერ-დეკემბერში, 2022 წელს რუსეთიდან 14%-ით მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ვიდრე 2019 წლის სექტემბერ-დეკემბერში;
2022 წელს რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 20% იყო, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება. ვიზიტორების სტატისტიკა 2011 წლიდან არის ხელმისაწვდომი, საიდანაც ირკვევა, რომ ვიზიტორებში რუსეთის მოქალაქეების წილს 20%-ზე აქამდე არასდროს მიუღწევია;
2022 წელს რუსეთის მოქალაქეებმა ქართულ ბანკებში 60 ათასზე მეტი ანგარიში გახსნეს, ხოლო მათ მიერ მიმდინარე ანგარიშებზე და დეპოზიტებზე განთავსებული თანხის მოცულობა 2021 წელთან შედარებით თითქმის 4-ჯერ გაიზარდა და 2.8 მლრდ ლარს მიაღწია;
რუსი ვიზიტორების ნაწილი რეალურად ემიგრანტია და საქართველოში ხანგრძლივი ვადით დასახლდა. ამას მიანიშნებს კომპანიების რეგისტრაცია და რუსეთის მოქალაქეების მიერ ქართულ ბანკებში 10 ათასობით ანგარიშის გახსნა და განთავსებული დეპოზიტების მოცულობა", – აცხადებს TI.