
"ვივავამედში" მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ბრიფინგი გაიმართა
22/02/2023 08:25:02 საზოგადოება
კლინიკა "ვივამედში", სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანეს, ექს–პრეზიდენტის საქმეზე ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინზე კლინიკის დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ და სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა თამარ დავარაშვილმა ისაუბრეს.
"ჩვენ გვინდა, რეალური ინფორმაცია იქნას მიტანილი მოსახლეობამდე და ჰქონდეთ ადეკვატური აღქმა. კლინიკა პაციენტის შემოსვლის პირველივე დღიდან აკეთებს თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს, შეთავაზებულია მკურნალობის აპრობირებული მეთოდები და პაციენტისთვის კეთდება ყველა კვლევა, რაც მას ესაჭიროება. სამკურნალო პროცესი შედგება ორი კომპონენტისგან: პაციენტის მხარე და სამედიცინო პერსონალი. შემიძლია, ჩვენი სახელით გითხრათ, ჩვენი ექიმები მაქსიმუმს აკეთებენ, მაგრამ უნდა იყოს ამ მიზნების თანხვედრა. ჩვენი მიზანი ნამდვილად არის მისი მდგომარეობის გაუმჯობესება. ძალიან ბევრი კითხვები გააჩნიათ ადამიანებს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში რატომ არის ის შედეგი, რაც გვაქვს - თავისი ფეხით შემოვიდა პაციენტი და ახლა უჭირს გადაადგილება", - თქვა ზურაბ ჩხაიძემ.
უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის ჯანმართელობის მდგომარეობაზე ისაუბრა მისმა მკურნალმა ექიმმა.
"დღეისთვის ტენდენციაა დამძიმებისკენ, სხეულის წონა და მასა რჩება დაქვეითებული, 20 რიცხვისთვის იყო - 67 და 200 და მასის ინდექსი იყო 18,2. პაციენტი არის ძალიან დასუსტებული, მწოლიარე მდგომარეობაშია მეტწილად, აქვს კიდურების ტკივილი, რასაც განიცდის. ვეხმარებით, მაგრამ ეს რჩება. ყველაზე საგანგაშოა, რომ კვება არის არაბალანსირებული - თუმცა იღებს და ითვისებს, ღებინება იშვიათად დაფიქსირებულა. მონიტორინგი ხდება ყოველკვირეულად. მოსალოდნელიც იყო, რომ უმნიშვნელო ცვლილებები არის. ავუხსენით, რომ აუცილებელია მიიღოს სალათები - პაციენტს სჯერა, რასაც ვეუბნები და ვერ ვიტყვი, რომ არ მომყვება. ჩვენ თავიდანვე თადარიგს ვიჭერთ, რომ ეს ცვლილებები არ გაღრმავდეს", - განაცხადა თამარ დავარაშვილმა.