უკრაინის გენშტაბი: რუსეთის შეტევა მოგერიებულია 7 დასახლებულ პუნქტთან
22/02/2023 05:51:04 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, გასულ 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან არ ყოფილა სარაკეტო და საავიაციო დარტყმები. გენშტაბის თანახმად, მოწინააღმდეგემ განახორციელა 59 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, რის შედეგადაც მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში და განადგურებული, ან დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ქვედანაყოფებმა საარტილერიო იერიშებიც მიიტანეს დონეცკის, ლუგანსკის, სუმის, ხარკოვის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების ათეულობით დასახლებულ პუნქტზე. რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს შეტევებზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და შახტარსკის მიმართულებებით.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგის შეტევა მოგერიებულია ლუგანსკის ოლქის 2 და დონეცკის ოლქის 5 დასახლებული პუნქტის რაიონში, მათ შორის, ქალაქ ბახმუტში.
გენშტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, თავდაცვის ძალების ავიაციამ 8 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე და 2 დარტყმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 2 რაიონი.


