
თოლორაია – "ოცნებას": "თქვენც ამ "უცხოური ფულით" იკვებებით, დადიხართ მივლინებებში და ატარებთ შეხვედრებს"
21/02/2023 10:58:23 საზოგადოება
ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ეხმიანება და აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" სწორედ იგივე "უცხოური ფულით" იკვებება.
მისი თქმით, ამ "უცხოური გავლენით" ნახეს საჯარო მოხელეებმა ამერიკა, ევროპა და განვითარებული სახელმწიფო ინსტიტუტები.
როგორც მან აღნიშნა, "ოცნების" ხელისუფლებამ გააუქმა ის სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებსაც ვერ აკონტროლებდა, ხოლო რაც ვერ გააუქმა, ელოდება, რომ ხელმძღვანელად სასურველი კანდიდატები დანიშნოს".
"ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი კიდევ უფრო მეტად ხურავს კარს გამჭვირვალობისთვის, თუმცა ამ დროს ხელისუფლებისთვის თითქოს ,,არსებითად მნიშვნელოვანი გახდა” არასამთავრობო სექტორისა და მედიის გამჭვირვალობა (რომელიც სხვა კანონებით უკვე უზრუნველყოფილია). სამოქალაქო სექტორს ,,უცხოური გავლენის აგენტებად” აცხადებთ (მხოლოდ იმიტომ რომ მათი საქმიანობისთვის დაფინანსება საერთაშორისო ორგანიზაციიდან მიიღეს), მაშინ როცა ამ ,,უცხოური გავლენით” ნახა ყველა საჯარო მოხელემ (პოლიციელმა, პროკურორმა, მოსამართლემ) ამერიკა, ევროპა და განვითარებული სახელმწიფო ინსტიტუტები, მაშინ როცა ამ ,,უცხოური ფულით” დადიან დღეს ტრენინგებზე საჯარო მოხელეები, მაშინ როცა ამ ,,უცხოური ფულით” გატარდა საქართველოში ხელშესახები რეფორმები, მაშინ როცა ამ ,,უცხოური გავლენით” არის შესაძლებელი ნორმალური განათლების მიღება საზღვარგარეთ, მაშინ როცა თქვენ თვითონაც ამ ფულით იკვებებით (დადიხართ მივლინებებში, ატარებთ შეხვედრებს) და ა.შ. მთელი ჩემი ცხოვრება საჯარო სამსახურში ვიმუშავე და დიახ, ზოგჯერ ცუდად მხვდებოდა ყურში NGO-ს და მედიის კრიტიკა, მაგრამ ეს კრიტიკა იყო ზუსტად ის რაც გაფხიზლებდა და უკეთესის გაკეთებისკენ გიბიძგებდა ადამიანს. ამ რუსული კანონის მიღებით, თქვენ მხოლოდ სამოქალაქო სექტორს და მედიას კი არ უქმნით საფრთხეს, საკუთარი თავებისთვისაც გამოგაქვთ ძალიან მძიმე განაჩენი და ამას ეხლა თუ არა, ძალიან მალე მიხვდებით", - წერს ლონდა თოლორაია სოციალურ ქსლში.
საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღებას აპირებენ.. კანონპროექტი ინიცირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან" წასული, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.
კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.
დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:
ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).
პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ 20 თებერვალს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს.