აშშ უკრაინას დამატებით 460 მლნ დოლარის სამხედრო ტექნიკას და საბრძოლო მასალებს უგზავნის
21/02/2023 06:07:52 მსოფლიო
უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატებისგან დამატებით საბრძოლო ტექნიკას, მათ შორის Javelin–ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს მიიღებს.
პენტაგონის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ჩამონათვალშია დამატებითი საბრძოლო მასალები მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის(HIMARS), 155 და 120-მილიმეტრიანი ჭურვების ახალი პარტია, 2000-მდე ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა, საჰაერო მეთვალყურეობის 4 რადარი, ქვეითთა 4 საბრძოლო მანქანა Bradley და სხვა ტექნიკა.
შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ უკრაინისთვის ახალი, 460 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ 20 თებერვალს გამოაცხადა. იმავე დღეს კიევს მოულოდნელი ვიზიტით ეწვია პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.
პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 20 თებერვლამდე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია დაახლოებით 29.8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.


