
თბილისსა და ბათუმში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართა
20/02/2023 13:41:24 საზოგადოება
თბილისსა და ბათუმში ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართა.
აქციების მონაწილეების მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანაა. აქციაზე სიტყვით გამომსვლელმა პოლიტიკოსებმა თქვეს, რომ ქვეყანას, სადაც პრეზიდენტს კლავენ, ევროპული პერსპექტივა ვერ ექნება.
თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდა ექს–პრეზიდენტის დედა გიული ალასანიაც.
„გაძლევთ პირობას, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში მოვალ, ყველა სახლზე დავაკაკუნებ, ყველას დაგელაპარაკებით. საბოლოოდ, მე ვიძლევი პირობას, მე და ჩემი გუნდი ვიქნებით ის ადამიანები, ვინც უზრუნველყოფს მთელი საქართველოდან პროტესტის მობილიზებას დედაქალაქში. ეს იქნება ორგანიზებული, გამარჯვებაზე მოტივირებული ბრძოლა და მოქმედება. დაგველოდეთ და თვალ-ყური გვადევნეთ, დაგველოდეთ და დაგვთვალეთ, ოღონდ მოიმარჯვეთ ხელში ბევრი კალკულატორი იმიტომ, რომ დაგჭირდებათ მალე, იმიტომ რომ მთელი საქართველო ჩვენ ვიქნებით, გავიმარჯვებთ, დავიხსნით პრეზიდენტ სააკაშვილს. საქართველოს ივანიშვილის გარეშე გაუმარჯოს! არ დანებდეთ, ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე“, –განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე მისული იყო ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელიაც. მან თქვა, რომ მნიშვნელოვანია გაერთიანდნენ არა მხოლოდ ერთი პარტიის მხარდამჭერები, არამედ ერთსულოვნება იყოს ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლებს შორისაც.
მემედ აბაშიძის ქუჩის ნაწილი გადაიკეტა აქციის მონაწილეთა სიმრავლის გამო ბათუმში, სადაც აქციის მონაწილეები ვარდებითა და ტრანსფარენტებით იყვნენ გამოსულები.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები დღესვე იმართება საქართველოს ფარგლებს გარეთაც - ამ საპროტესტო მოძრაობის ინიციატორია ანტიპუტინისტი უფლებადამცველი და ბლოგერი მარკ ფეიგინი.