500 - მილიონიანი ახალი პაკეტი, დამატებით 700 ტანკი და ახალი სანქციები, - რას დაჰპირდა კიევს ბაიდენი
20/02/2023 12:33:52 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიევში ვიზიტის ფარგლებში უკრაინისთვის ამერიკისა და მისი პარტნიორი ქვეყნებისგან რამდენიმე ასეული ტანკის მიწოდება დააანონსა. გარდა ამისა, მისი განცხადებით, მიმდინარე კვირის განმავლობაში გამოცხადდება დამატებითი სანქციები რუსული ელიტისა და იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც რუსული სამხედრო მანქანის მხარდასაჭერად უკვე მოქმედი შეზღუდვებისთვის გვერდის ავლას ცდილობენ, - იუწყება Reuters - ი.
უფრო კონკრეტულად, აშშ მოკავშირე ქვეყნებთან ერთად უკრაინისთვის 700 ტანკის, ათასობით დაჯავშნული მანქანის, 1000 საარტილერიო სისტემის, 2 მილიონზე მეტი ჭურვის, ზალპური ცეცხლის რამდენიმე ათეული სარაკეტო სისტემის, ასევე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გადაცემას გეგმავს.
გარდა ამისა, ბაიდენმა სამხედრო დახმარების 500 მლნ დოლარიანი პაკეტი დააანონსა, რომელიც საარტილერიო ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, საჰაერო თვალთალის რადარებს მოიცავს, "რათა უკრაინელი ხალხი საჰაერო დაბომბვებისგან იყოს დაცული". უფრო დეტალურად ამ პაკეტში შემავალი ტვირთის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.
"აშშ-ის მიერ "აბრამსების" ტანკებთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საფუძველი ჩაუყარა სატანკო კოალიციას და ამდენად, ისტორიული მნიშვნელობა გააჩნია. კიევსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებები ამერიკისთვის სერიოზულ სტიმულად იქცა და გამარჯვებასთან გვაახლოებს. პრეზიდენტ ბაიდენის კიევში დღევანდელი ვიზიტის შედეგები მალევე გამოჩნდება და ძალიან მკაფიოდ აისახება ბრძოლის ველზე მტრისგან ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლებისას" - განაცხადა თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ცნობისთვის: პრეზიდენტი ბაიდენი უკრაინიას ომის დაწყების დროიდან პირველად სტუმრობს. The New York Times-ის ინფორმაციით, ბაიდენი კიევში პოლონეთიდან მატარებლით ჩავიდა. უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მისი უკრაინაში ვიზიტი წინასწარ დაანონსებული არ ყოფილა და გავრცელდა ინფორმაცია მხოლოდ პოლონეთში დაგეგმილი ვიზიტის თაობაზე.


