ზელენსკი - რუსეთის ახალ შეტევაზე: "უწინდელივით ძლიერები აღარ არიან"
20/02/2023 12:01:50 მსოფლიო
რუსეთის ჯარი უკრაინაზე ახალი შეტევის ფარგლებში წინ მნიშვნელოვნად ვეღარ იწევს, რადგან უწინდელივით ძლიერი აღარაა და სადღეისოდ უკრაინული არმია სიძლიერით გაცილებით აღემატება, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ tg1 - თვის მიცემულ ინტერვიუში.
მისივე თქმით, "მნიშვნელობა აღარ აქვს, ახალია ეს შეტევა თუ ძველის გაგრძელება - კომპრომისები აღარ არსებობს".
"ჩვენ ვიცით, რომ თუკი წავაგებთ, დავკარგავთ ყველაფერს - შვილებს, მშობლებს, სახლებს. ამიტომაც ჩვენთვის 24 თებერვლის შემდეგ კომპრომისები აღარ არსებობს. დაირღვა საერთაშორისო სამართალი, დაირღვა ყველაფერი ადამიანური... ჩვენ მათი აღარ გვეშინია და აღარც არავის ეშინია, ამიტომაც მათი გეგმის მიხედვით აღარაფერი მოხდება" - განაცხადა ზელენსკიმ.
მანამდე რუსულ მედიაში გავრცელდა არაოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსი სამხედროები ამჯერად უკრაინაში ავიაციის მასობრივ გამოყენებას გეგმავენ. "დღემდე ავიაციას ვუფრთხილდებოდით, მაგრამ ამიერიდან ტაქტიკას ვცვლით" - განუცხადა გამოცემა «Важных историй» - ს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა. გამოცემა The Financial Times კი დასავლურ დაზვერვაზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთი უკრაინის საზღვრებთან საბრძოლო ავიაციას უყრიდა თავს, რომელიც ჯარისკაცების ახალ შეტევას უნდა დაჰხმარებოდა. "ამ დროისთვის რუსეთის სახმელეთო ძალები გამოფიტულია, ამიტომაც პუტინის ჯარს ავიაცია დასჭირდება და შესაძლოა, საბრძოლო მოქმედებებში მისი 80% ჩართოს. ველით, რომ ისინი საჰაერო კამპანიის დასაწყებად ემზადებიან" - განუცხადა გამოცემას NATO-ელმა დიპლომატმა.
თუმცა ბრიტანულ დაზვერვაში ნაკლებად სავარაუდოდ ეჩვენებათ, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები ამჟამად მნიშვნელოვნად გაფართოებული საჰაერო კამპანიისთვის ემზადებოდნენ.


