Politico: თეთრი სახლი მოუწოდებს კიევს, კონტრშეტევა აღარ გადადოს
20/02/2023 11:24:40 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოუწოდა კიევს, ფრონტზე მიღწეული წარმატებები განამტკიცოს და კონტრშეტევის დაწყება აღარ გადადოს, - იუწყება გამოცემა Politico აშშ-ის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
მისივე ინფორმაციით, თეთრმა სახლმა ურჩია კიევს, კონტრშეტევისთვის აქტიურად ემზადოს ახლავე, სანამ უკრაინას ევროპული და ამერიკული შეიარაღება შეუფერხებლად მიეწოდება.
ვაშინგტონში უკრაინის სამხედრო დახმარებას კვლავინდებურად ორივე - როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიის წევრი კონგრესმენები ემხრობიან.
სავარაუდოდ, სწორედ ამას უკავშირდება უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება, ქვეყნის ჯარმა "ნებისმიერ ფასად აღარ იბრძოლოს" ბახმუტისთვის და კონტრშეტევისთვის მზადებაზე კონცენტრირდეს, რის შესახებაც ამ დღეებში თავად პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა.
ცნობისთვის: ბოლო პერიოდში, ამერიკული მედიის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია სწორედ ამას ურჩევდა პრეზიდენტ ზელენსკს და განმარტავდა, რომ სჯობს კონცენტრირება კონტრშეტევაზე, რადგან ბახმუტი მნიშვნელოვანი პუნქტია, მაგრამ რუსების მიერ მისი დროებით ოკუპაციის შემთხვევაშიც კი ეს მთლიანობაში ომის მიმდინარეობაზე გავლენას მაინც ვერ მოახდენს.


