
"თქვენ თვითონ ხართ უცხოეთის აგენტები" – ჟურნალისტების პროტესტი პარლამენტში
20/02/2023 11:33:48 საზოგადოება
ჟურნალისტების ნაწილი საქართველოს პარლამენტში, ბიუროს სხდომათა დარბაზთან აპროტესტებს იმ კანონპროექტის ("უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ") დარეგისტრირებას, რომელიც "ხალხის ძალამ" უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებებისთვის შეიმუშავა.
ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ამ დოკუმენტის კანონად ქცევის შემთხვევაში ჟურნალისტების მდგომარეობა გაუარესდება.
მათ ხელში უჭირავთ პლაკატები წარწერებით: "არა, რუსულ კანონს", "თქვენ თვითონ ხართ უცხოეთის აგენტები", "ნუ გვახშობთ თავისუფალ მედიას".
კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიცირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან" წასული, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.
კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.
დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:
- ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;
- ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);
- მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).