ზელენსკი: "მონები სამოთხეში ვერ ხვდებიან"
20/02/2023 10:43:33 მსოფლიო
უკრაინელებმა იციან, რას ნიშნავს საკუთარი თავისუფლებისთვის ბრძოლა და "ღირსების რევოლუციიდან" ცხრა წლის თავზე დამოუკიდებელი, თავისუფალი, ძლიერი, ერთიანი, დემოკრატიული და ევროპული უკრაინისთვის ბრძოლას აგრძელებენ, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ "ზეციური ასეულის გმირთა დღესთან" დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას.
"არავითარი ეჭვი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ამ ყველაფერს დავიცავთ და უკრაინელი გმირების ოცნებას ავახდენთ. მონებს სამოთხეში არ უშვებენ, - ასეთია ნებისყოფის უკრაინული გაგება და მთავარი მიზეზი იმისა, რომ მტერი ჩვენს ქვეყანაში არ დარჩება. დღეს ჩვენ ვიხსენებთ უკრაინისთვის თავდადებულ გმირებს, ყველა ასაკისა და პროფესიის ადამიანებს სხვადასხვა რეგიონებიდან, რომელთაც ერთიანი ფასეულობები აერთიანებთ. ეს უპირველესად, თავისუფლება და თანასწორობა, დემოკრატია, თითოეული მოქალაქის პატივისცემა, უკრაინის მსოფლიოსადმი ღიაობა და ჩვენი სახელმწიფოს მთელს დანარჩენ ევროპასთან ერთობაა და, რაღა თქმა უნდა, ესაა უკრაინის დამოუკიდებლობა" - განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის: 2013 წლის 21 ნოემბერს უკრაინაში დაიწყო ევრომაიდანი, რომელიც პასუხად იქცა ქვეყნის იმჟამინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოსაწერად მზადება შეეჩერებინა. საპროტესტო მოძრაობამ განსაკუთრებულ მასშტაბებს მიაღწია იმ წლის 30 ნოემბერს მიტინგების უხეში ძალით დაშლის შემდეგ და 2014 წლის თებერვლის ჩათვლით გრძელდებოდა.
უკრაინული პროკურატურის მონაცემებით, "ღირსების რევოლუციის" განმავლობაში სულ 2,5 ათასი მოქალაქე დაშავდა, მათგან 107 გარდაიცვალა, უმრავლესობა - 2014 წლის თებერვალში. შემდგომში გარდაცვლილებს "ზეციურ ასეულად" მოიხსენიებდნენ.


