უკრაინული მედია – კიევში მაღალი რანგის სტუმარს ელოდებიან, გადაკეტილია ქუჩები, რკინიგზა, ასევე აშშ-ის საელჩოს ტერიტორია
20/02/2023 09:44:35 მსოფლიო
კიევში მაღალი რანგის სტუმარს ელოდებიან. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინული მედიის ცნობით, კიევში დილიდან გადაიკეტა ქუჩები, რკინიგზა, ასევე ამერიკის საელჩოს ტერიტორია.
დღესვე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება არ გაემგზავრა ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს უნდა შეხვედროდა.
გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით მხოლოდ იმას ამბობენ, რომ მოსალოდნელია უკრაინის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის ვიზიტი. როგორც მინისტრის მოადგილემ, ანდრი მელნიკმა განაცხადა, „ინტრიგას შეინარჩუნებენ“ და იმედი აქვთ, რომ „სიურპრიზი გამოვა“.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავისთვის დაგეგმილია აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვიზიტი უკრაინის მეზობელ პოლონეთში. თეთრ სახლს ვიზიტის დროდ დასახელებული აქვს 20-22 თებერვალი.


