უკრაინის გენშტაბი: რუსეთის შეტევა მოგერიებულია 3 ოლქის 7 დასახლებულ პუნქტთან
20/02/2023 05:33:37 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის, დონეცკის და ზაპოროჟიეს ოლქებზე განახორციელეს 10 სარაკეტო და 25 საავიაციო დარტყმა და 62 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენშტაბის ცნობითვე, მოწინააღმდეგე განაგრძობს საარტილერიო შეტევებსაც ამ და სხვა მიმართულებებით, მათ შორის ხერსონის, ხარკოვის და ჩერნიგოვის ოლქებში.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს იერიშებზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და შახტარსკის მიმართულებებით. მისი ცნობით, მოწინააღმდეგის შეტევა მოგერიებულია ხარკოვის ოლქის 1, ლუგანსკის ოლქის 1 და დონეცკის ოლქის 5 დასახლებული პუნქტის რაიონში, მათ შორის, ქალაქ ბახმუტთან.
უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, თავდაცვის ძალების ავიაციამ 20 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე და 7 დარტყმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე. გენერალური შტაბის თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს რუსული თვითმფრინავი სუ-25 და 4 უპილოტო საფრენი აპარატი.


