პოლონეთის პრეზიდენტი: "თუ უკრაინას არ დავეხმარეთ, რუსეთი გაიმარჯვებს და მსოფლიოში მშვიდობა არ იქნება"
18/02/2023 12:08:51 მსოფლიო
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც 17 თებერვალს დაიწყო და სამ დღეს გასტანს, პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ მოუწოდა ყველას, უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელებისკენ.
"უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის გარეშე რუსეთი გაიმარჯვებს და მსოფლიოში მშვიდობა არ იქნება", - განაცხადა დუდამ.
დუდა, ე.წ. ვაიმარის სამკუთხედის ფორმატში, შეხვდა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს. შოლცმა და მაკრონმა ასევე ცხადად გამოთქვეს აზრი, რომ რომ უკრაინისთვის დახმარება მნიშვნელოვანია.
სამეულის შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე რუსეთის წინააღმდეგ მომავალ სანქციებსა და თავდაცვის მრეწველობის საკითხებზე.
„ვაიმარის სამკუთხედი“ დაარსდა 1991 წელს. ეს არის სადისკუსიო ფორუმი, რომელშიც გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი კოორდინაციას უწევენ მნიშვნელოვან საკითხებს.
17 თებერვალს მიუნხენის შეხვედრის მონაწილეებისადმი მიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მეტი იარაღი მოითხოვა და განაცხადა, რომ „უკრაინის გამარჯვებას ალტერნატივა არ გააჩნია“.
მიუნხენის რიგით 59-ე უსაფრთხოების კონფერენციას არ ესწრებიან რუსეთისა და ირანის წარმომადგენლები.
მასზე ჩასულია 40-მდე ქვეყნის სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაური, მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.


