BBC უკრაინაში მოკლული რუსი სამხედროების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს
17/02/2023 18:37:12 მსოფლიო
ჟურნალისტებმა უკრაინის ომში დაღუპული 14709 რუსი ჯარისკაცის იდენტიფიცირება შეძლეს,– ამის შესახებ BBC-ის მასალაშია ნათქვამი.
თებერვლის პირველ ორ კვირაში დაფიქსირდა 1679 სამხედროს დაღუპვა, რაც ხუთჯერ აღემატება ჩვეულებრივ ყოველკვირეულ მაჩვენებელს. უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ეს ასევე ყველაზე დიდი მაჩვენებელია რუსეთის სამხედრო დანაკარგებს შორის. გამოცემა ვარაუდობს, რომ გაზრდილი დანაკარგები დაკავშირებულია შეტევასთან, რომელიც რუსეთმა დონბასში დაიწყო.
BBC-ის ცნობით, ფრონტზე რუსეთის ფედერაციის დადასტურებულმა დანაკარგებმა დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყო ზრდა. 2022 წლის განმავლობაში რუსულ ღია წყაროებში ყოველკვირეულად ჩნდებოდა ინფორმაცია 250-300 მოკლულზე, იანვარში კი ეს რიცხვი გაორმაგდა.
ჟურნალისტებმა მოახერხეს 1121 მობილიზებული რუსის დაღუპვის დადასტურება. მათგან 40% 1 იანვრიდან გარდაიცვალა.
ზოგადად, მობილიზებული მოხალისეებთან ერთად, რომლებმაც ომის დაწყების შემდეგ კონტრაქტი გააფორმეს რუსეთის ჯართან ან ეროვნულ გვარდიასთან, ასევე „ვაგნერის“ და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დაქირავებული პატიმრები, ბოლო სამი თვის განმავლობაში დაღუპულთა უმრავლესობას შეადგენდნენ.
„ჩვენ ვეყრდნობით მხოლოდ გარდაცვალების დადასტურებულ ცნობებს, ამიტომ, შეგროვებული მონაცემები არ ასახავს დანაკარგების რეალურ დონეს. ვვარაუდობთ, რომ ჩვენი სია შეიძლება, შეიცავდეს მინიმუმ ორჯერ ნაკლები დაღუპულის სახელებს, ვიდრე რეალურად დაკრძალეს რუსეთში. ამ დასკვნამდე მივედით 2022 წლის განმავლობაში რუსეთის 60-ზე მეტ დასახლებაში არსებული სასაფლაოების მდგომარეობის შესწავლით. ამიტომ, ყველაზე კონსერვატიული შეფასებით, უკრაინაში შეჭრის დროს რუსეთს შეეძლო დაეკარგა 29 500-ზე მეტი ადამიანი“, - ნათქვამია სტატიაში.
მანამდე ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დანაკარგებმა შესაძლოა, 200 ათას ადამიანს მიაღწიოს. აქ სავარაუდოდ იგულისხმება როგორც დაღუპულები, ისე დაჭრილები და ტყვეები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსეთის დანაკარგებმა სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დაახლოებით 141 260 ადამიანი შეადგინა. რუსეთის არმიამ ბოლო ერთი დღის განმავლობაში 800-მდე ჯარისკაცი დაკარგა.
თავად რუსეთი ზარალის შესახებ მონაცემებს არ ამხელს. ბოლოს 2022 წლის 21 სექტემბერს განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, რომ 5937 სამხედრო დაიღუპა.


