მაშველებმა გადაარჩინეს ახალგაზრდები, რომლებმაც ნანგრევებში 261 საათი გაატარეს
17/02/2023 17:12:01 მსოფლიო
თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრიდან ათი დღის შემდეგ მაშველები დანგრეულ შენობებში კვლავ პოულობენ გადარჩენილებს.
სააგენტო "ანადოლუს" ცნობით, ქალაქ ანთაქიაში მაშველებმა გადაარჩინეს 26 და 34 წლის კაცები, რომლებმაც ნანგრევებში 261 საათი გაატარეს. ამავე ქალაქში გადაარჩინეს 12 წლის ბიჭიც, რომელიც ნანგრევებში 260 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მიწისძვრიდან თითქმის 260 საათის შემდეგ, ქალაქ ქაჰრამანმარაშში ნანგრევებიდან ამოიყვანეს 29 წლის ქალი, რამდენიმე საათით ადრე კი - 17 წლის გოგო, ხოლო ჰატაიში მიწისძვრიდან 278 საათის შემდეგ ამოიყვანეს ნანგრევებიდან 45 წლის კაცი.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, სტიქიური უბედურების ზონაში, რომელიც 10 პროვინციას მოიცავს, ადგილობრივ მაშველებთან ერთად, ოპერაციაში მონაწილეობს 7 098 მაშველი მსოფლიოს 74 ქვეყნიდან. მათ შორისაა ასამდე ქართველი, რომლებიც ქალაქ ადიამანში მუშაობენ.
სირიის ლათაქიის პროვინციაში კვლავ მოხდა მიწისძვრა. სულ მცირე, ერთი შენობა დაინგრა. მანამდე სტიქიის ზონაში წყალდიდობა იყო.
„დანგრეული შენობებიც დატბორილი დაგვხვდა. ვებრძვით წყალს და მიწისძვრის შედეგებს“,– ამბობს ადგილობრივი.
სირიაში ბოლო დღეებში ჩავიდა ჰუმანიტარული ტვირთი საუდის არაბეთიდან, ერაყსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.
ჯამში მიწისძვრას 42 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.


