ნატო, ევროკავშირი და უკრაინა სამმხრივ შეხვედრას პირველად გამართავენ
17/02/2023 14:42:20 მსოფლიო
ნატო, ევროკავშირი და უკრაინა სამმხრივ შეხვედრას პირველად გამართავენ.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესსამსახურის ცნობით, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ერთმანეთს 21 თებერვალს ბრიუსელში შეხვდებიან.
შეხვედრა ნატოს შტაბ-ბინაში არის დაგეგმილი, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაიმართება.
“ველი იენს სტოლტენბერგთან და ჯოზეფ ბორელთან შეხვედრას, რათა გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობა უკრაინის და ევროპის დაცვისთვის”, - განაცხადა კულებამ.
20 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ევროკავშირის საბჭოს სხდომის გახსნამდე კულება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შეხვდება. ამის შემდეგ ევროპელი მინისტრები ცალკე მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრს ნიკუ პოპესკუს შეხვდებიან.


