Accentnews.ge
ომბუდსმენის აპარატი – "ხალხის ძალის" კანონპროექტის შესახებ: "შეუთავსებელია დემოკრატიულ პრინციპებთან"

ომბუდსმენის აპარატი – "ხალხის ძალის" კანონპროექტის შესახებ: "შეუთავსებელია დემოკრატიულ პრინციპებთან"

17/02/2023 09:30:52 საზოგადოება

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ეხმაურება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს და მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული პროექტი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და შიდა ეროვნული დაცვის სტანდარტებს, შეუთავსებელია თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითად პრინციპებთან.

სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების არსებობის აუცილებელი წინაპირობაა, რაც არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს შესაძლებლობას აძლევს, ერთობლივად შეიტანონ წვლილი დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა რეალიზების ხელშეწყობაში.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ გაეროს დეკლარაცია უფლებადამცველების შესახებ ასეთ გაერთიანებებს ანიჭებს უფლებას, მოიძიონ, მიიღონ და გამოიყენონ რესურსები (მათ შორის, მიიღონ დაფინანსება უცხოური წყაროებისგან) საკუთარი საქმიანობის განსახორციელებლად. ამავდროულად, სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, შექმნან ხელშემწყობი გარემო, რომელშიც უფლებადამცველს დაბრკოლებებისგან თავისუფალი მოქმედების საშუალება ექნებათ.

განცხადებაში წერია, რომ რუსეთისა და უნგრეთის მსგავსი კანონები ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ, OSCE/ODIHR-მა, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, ვენეციის კომისიამ და გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა უარყოფითად შეაფასეს.

ომბუდსმენის შეფასებით, ცალკე ყურადღებას იმსახურებს ის გარემოება, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ქმნის „უცხოური გავლენის აგენტებად“ მიჩნეული და მათთან სხვადასხვა სახის ურთიერთობაში მყოფი პირების შესახებ საკმაოდ დიდი მოცულობის პერსონალური მონაცემების შეგროვების და გამოქვეყნების საფუძველს.

"აღსანიშნავია, რომ გაერთიანებების საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს და ამ მიზნის მიღწევის შესაბამისი საკანონმდებლო რეგულირება ისევე როგორც საგარეო დახმარების შესახებ ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და ანგარიშგების ინსტრუმენტი (eAIMS) არც საქართველოსთვის არის უცნობი. თუმცა, იმისთვის, რომ წარმოდგენილი ახალი კანონ პროექტით უფლებებში ჩარევა გამართლებულად ჩაითვალოს, იგი უნდა იყოს აუცილებელი „მწვავე საზოგადოებრივი საჭიროების“ არსებობიდან გამომდინარე და ამავე დროს, შემზღუდველი საშუალებები და თანმდევი პროცედურები არ უნდა იყოს არათანაბარზომიერი, რასაც წარმოდგენილი კანონპროექტი, სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, ვერ აკმაყოფილებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იქნება შესაბამისი ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებთან", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის: "ხალხის ძალამ" კანონპროექტი უკვე დააინიცირა.

"ხალხის ძალის" დეპუტატები ირწმუნებიან, რომ კანონპროექტი "საუკეთესო დასავლურ პრაქტიკას და ამერიკულ კანონმდებლობას დაეფუძნება".

აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს - მეორე მსოფლიო ომის წინაპერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად იქნა მიღებული, მოგვიანებით კი მან სახეცვლილება განიცადა - მოქმედების არე დავიწროვდა და სადღეისოდ ის ძირითადად უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებს და ლობისტებს ეხებათ.

ამასთან, სადეპუტატო ჯგუფს არაფერი უთქვამს იმის თაობაზე, რომ საქართველოს ოკუპანტ ქვეყანაში - რუსეთში მსგავსი კანონი ცოტა ხნის წინ აამოქმედეს, მის საფუძველზე "უცხოეთის აგენტად" უკვე ასობით ჟურნალისტი, ოპოზიციონერი აქტივისტი, მედია- და არასამთავრობო ორგანიზაცია გამოცხადდა და ფაქტობრივად ყველა, ვინც ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს, ამ კანონის საფუძველზე ექვემდებარება დასჯას საუკეთესო შემთხვევაში - ჯარიმისა და საქმიანობის აკრძალვის, უარესში კი საპატიმრო ვადების სახით.

აშშ–მა მკაცრად გააკრიტიკა საქართველოში ინიცირებულ კანონპროექტი "უცხოური აგენტების" შესახებ. აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ "ამგვარმა კანონმა შესაძლოა, შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია".

"ინფორმირებულები ვართ საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის შესახებ და ღრმად ვართ შეშფოთებულები მისი მოსალოდნელი ზეგავლენით სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე. უკვე ვაცნობეთ საქართველოს მთავრობას ჩვენი შეშფოთების თაობაზე. შემოთავაზებული კანონი მოახდენს სტიგმატიზაციას და ჩაახშობს დამოუკიდებელ ხმებს იმ მოქალაქეებისა, რომლებიც მოწოდებულნი არიან, აშენონ უკეთესი მომავალი. მიგვაჩნია, რომ ამგვარმა კანონმა შეიძლება, პოტენციურად შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია", - განუცხადა "აქცენტს" აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა.

ამასთან, იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ინიციატორთა განცხადება, თითქოს ეს კანონპროექტი ეფუძნება აშშ-ში მოქმედ "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტს" (FARA), მცდარია:

"სინამდვილეში, ინიცირებული კანონპროექტი, როგორც ჩანს, ეფუძნება რუსეთის და უნგრეთის მსგავს კანონმდებლობას".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S