
აშშ არაა წინააღმდეგი, უკრაინის არმიამ ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე რუსულ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელოს
17/02/2023 08:07:40 მსოფლიო
აშშ არაა წინააღმდეგი, უკრაინის არმიამ ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე რუსულ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელოს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა განაცხადა და იქვე განმარტა, რომ "ამერიკა ყირიმს მიიჩნევს უკრაინის ტერიტორიად, რომელიც რუსეთს ერთ დიდ სამხედრო ბაზად აქვს ქცეული".
პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციაში თვლიან, რომ ახლა ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა უკრაინამ უახლოეს ხანებში რაც შეიძლება, მეტი საკუთარი ტერიტორიის დეოკუპაცია შეძლოს, სანამ რუსეთთან მოლაპარაკებებს დასთანხმდება, - წერდა ამ დღეებში "The Washington Post".
თავის მხრივ, კიევი აცხადებს, რომ ყველა მისი ტერიტორიის დეოკუპაცია აქვს განზრახული, ყირიმის ჩათვლით.
დღეს აშშ-ის პოზიციას რუსეთის საგარეო უწყება გამოეხმაურა.
"ნულანდის მიერ დაფიქსირებული პოზიცია დასტურია ჩვენი პოზიციისა კონფლიტში აშშ-ის უშუალო ჩართულობის შესახებ... კიეველი კრიმინალების ყირიმისთვის მიქსევა იგივეა, რაც მათი წაქეზება მოსკოვზე ან ვლადივოსტოკზე შეტევისთვის. ვაშინგტონის მსგავს პოზიციას ჩვენი ქვეყნის მიმართ აშშ-ის მტრულ განწყობად ვაფასებთ" - წერს რუსეთის საგარეო უწყება ნულანდის განცხადების საპასუხოდ თავის ტელეგრამ-არხში.