Accentnews.ge
„მამა, გაშვილებას გვიპირებენ!“: უკრაინელი ბავშვების გატაცება რუსეთში

„მამა, გაშვილებას გვიპირებენ!“: უკრაინელი ბავშვების გატაცება რუსეთში

17/02/2023 08:04:23 საზოგადოება

როდესაც ევგენი მეჟევოი რუსმა სამხედროებმა დააკავეს, მან მოასწრო და შვილს კისერზე ჩანთა ჩამოჰკიდა, რომელშიც ტელეფონები იდო. მან მაშინ არ იცოდა, რომ სწორედ ეს გაჯეტები დაეხმარებოდა მის ოჯახს სასწაულებრივად გაერთიანებაში განსხვავებით ბევრი სხვა უკრაინელი მშობლისგან, რომელთა შვილებიც საომარი მოქმედებების ზონიდან „ევაკუაციის“ მსხვერპლი გახდნენ და იძულებით დააშორეს საკუთარ ოჯახებს.

მარტოხელა მამა სამ არასრულწლოვან შვილს რუსებმა მარიუპოლის მახლობლად განთავსებულ საგუშაგოზე დააშორეს. მას წინ ელოდა დაკითხვები, დამცირება, პატიმრობა ილენოვკას კოლონიაში, სადაც ივლისის ბოლოს 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა, ხოლო ბავშვები რუსეთში გადაიყვანეს.

იმ დროს რუსებმა მარიუპოლიდან 30-მდე უკრაინელი ბავშვის „ევაკუაცია“ მოახდინეს. მათ შორის იყო ბიჭი ფილიპი, რომელიც მოგვიანებით რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისარმა მარია ლვოვა-ბელოვამ იშვილა. ჯამში, მისი თქმით, დაახლოებით 2000 ბავშვი გადაიყვანეს უკრაინიდან რუსეთის ფედერაციაში.

სწორედ „ევაკუაციას“ უწოდებენ რუსეთში უკრაინელი ბავშვების ფაქტობრივ დეპორტაციას უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ეს მოხდა იძულებით ან ოჯახის წევრების მოტყუებით.

რუსეთის ტერიტორიაზე მოზარდებს უცვლიან პერსონალურ მონაცემებს, უკრაინელი ბავშვებისთვის გაამარტივეს კიდეც რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურა. სამომავლოდ მათი იდენტიფიცირება და შინ დაბრუნება გაჭირდება.

დეპორტირებულ ბავშვებს რუსულ ოჯახებში აშვილებენ. უფლებადამცელების თქმით, სულ მცირე, 400 უკრაინელი ბავშვი, მიუხედავად იმისა, რომ მათ მშობლები ჰყავთ, რომლებიც შვილებს ეძებენ, მსგავს ქმედებას დაექვემდებარა.

"ფილტრაცია"

ევგენი მეჟევოი მრავალშვილიანი მარტოხელა მამაა. როდესაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი გააჩაღა, ის მარიუპოლში ცხოვრობდა შვილებთან – მატივესთან, სვიატოსლავასთან და ალექსანდრასთან ერთად. ევგენი მუშაობდა ოპერატორად ადგილობრივ ქარხანაში, გახსნა საკუთარი კაფე. როდესაც რუსეთის არმიამ მარიუპოლის დაბომბვა დაიწყო, მეჟევოის ბავშვებთან ერთად წასვლა სურდა, მაგრამ ტრანსპორტისა და საწვავის პრობლემების გამო ვერ შეძლო.

"რაც უფრო გვიახლოვდებოდნენ, მით უფრო ვცდილობდით, მათგან შორს ვყოფილიყავით", - იხსენებს ევგენი.

24 თებერვლიდან ოჯახს თავის შეფარება მოუწია ჯერ ბავშვების ბებიის სახლში, შემდეგ ოჯახის მეგობრის, საბოლოოდ კი გადავიდა მარიუპოლის ერთ-ერთ საავადმყოფოში განთავსებულ თავშესაფარში. იქ მათ პირველად დაინახეს რუსი სამხედროები.

„ევაკუაციისთვის ნახევარი საათი მოგვცეს. თქვეს, რომ მათ ჩეჩნური სპეცრაზმი მოდიოდა, რომელიც ქალაქის წმენდას დაიწყებდა. უბრალოდ ვერ მივხვდი სად მივყავდით და რატომ, იქ რა მოხდებოდა, გვაჭმევდნენ თუ არა, თუ უბრალოდ კარვებს მოგვცემდნენ და გვეტყოდნენ, "როგორც გინდათ, იცხოვრეთ". უბრალოდ არ შემეძლო ჩემი შვილები შიმშილობის რისკის ქვეშ დამეყენებინა. ამიტომ, ავიღე თითქმის ორი ტომარა საკვები და თან ვათრევდი“, – ყვება მეჟევოი.

ოჯახი თავშესაფარში მყოფებთან ერთად ჩასვეს რუსების მიერ მიყვანილ ტრანსპორტში, საიდანაც ისინი ჯერ მარიუპოლის გარეუბანში გაიყვანეს, შემდეგ საგუშაგოზე, სადაც მათი ნივთებისა და საბუთების შემოწმება დაიწყეს. ინსპექტორმა ევგენი მაშინვე შენიშნა:

”მე თან მქონდა სამხედრო ბილეთი, საშვი, იქ ეწერა, რომ ვიყავი დარეგისტრირებული სამხედრო ნაწილში [ადრე ის კონტრაქტით მსახურობდა ლვოვის რეგიონში - რედ]. მათ თქვეს: "შენ ჩვენი კლიენტი ხარ, დაგველოდეო." მე ვთხოვე, რომ ბავშვებთან ვინმეს დავტოვებდი და ვიკითხე, თუ რა დრო დასჭირდებოდა ჩემთან გასაუბრებას. მიპასუხეს, „ვნახოთ, როგორ წავა. შესაძლოა, ორი საათი, ან შვიდი წელიო“.

ევგენი იხსენებს, რომ იპოვა ქალი, რომელიც დასთანხმდა, ბავშვებისთვის დროებით მიეხედა და ისინი საევაკუაციო ავტობუსში ჩასვას.

"როდესაც დამაკავეს, მატვეის კისერზე ჩამოვკიდე ჩანთა, რომელშიც ტელეფონებიც იდო. არ მინდოდა, ჩემი სამხედრო სამსახურის ამსახველი ფოტოები ენახათ“, - ამბობს ევგენი.

შემდეგ რუსმა ჯარისკაცებმა ევგენი მეჟევოი ჩასვეს მანქანაში და გადაიყვანეს დაკითხვაზე. იქ, კარავში, მას სამხედრო სამსახურზე ჰკითხეს, შემდეგ თვალები აუხვიეს, ხელები შეუკრეს და კვლავ სადღაც გადაიყვანეს. მხოლოდ მოგვიანებით მიხვდა, რომ ეს იყო წინასწარი დაკავების ცენტრი ნოვოაზოვსკში. იქ ორი დღე დაჰყო.

შემდეგი ეტაპი ე.წ. "ფილტრაცია" იყო დონეცკის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის შენობაში, რომელიც დაკავებული ჰქონდათ რუსულ ჯარებს. კვლავ ეკითხებოდნენ სამხედრო სამსახურზე, „აზოვის“ საქმიანობაზე. ბოლოს საბუთები წაართვეს და წაიყვანეს ილენოვკაში მდებარე ცნობილ კოლონიაში, სადაც რუსები უკრაინელ სამხედრო ტყვეებს ასახლებდნენ.

„როდესაც კოლონიაში მიგვიყვანეს, #2 საკანში შეგვასახლეს. იქ 54 კაცი ვიყავით. როგორი პირობები გვქონდა? ეს იყო ექვსადგილიანი საკანი. ღორებივით გვაჭმევდნენ – ჭუჭყიანი ჭურჭლით, არა ჩანგლები, არც კოვზი. მოგვცეს პური.

ხუთი დღის შემდეგ სხვა საკანში გადაგვიყვანეს. მერე 100 უკრაინელი ჯარისკაცი მოიყვანეს. ორადგილიან საკანში 28 კაცი ვიყავით, დასაჯდომიც კი არსად იყო, ორი ადამიანი იძულებით უნდა მდგარიყო ფეხზე და ისიც, ცალ ფეხზე. ცალ ფეხზე ძილი იქ ვისწავლე“, - იხსენებს მამაკაცი.

საკნის გარეთ პატიმრები მუშაობდნენ. ევგენი მეჟევოი აწესრიგებდა გაზონს, ეხმარებოდა შენობის შეაკეთებაში. მან ტყვეობაში 45 დღე გაატარა.

26 მაისს მას აცნობეს, რომ თავისუფალი იყო და გაათავისუფლეს ისე, როგორც დააკავეს – ახსნა-განმარტების გარეშე. ევგენისთან ერთად კიდევ ერთი ადამიანი გაათავისუფლეს და ისინი ერთად წავიდნენ დონეცკში. ჯერ პირდაპირ გაუყვნენ გზას, შემდეგ საგზაო ნიშნებით მოახერხეს ორიენტირება, საღამოს მათ ცეცხლი გაუხსნეს მათ. კაცებმა ღამე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე გაათიეს, დილით კი უფრო შორს წავიდნენ. ასე მივიდა მეჟევოი დონეცკის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტში, რათა დაებრუნებინა დოკუმენტები:

„საბუთები დამიბრუნეს გარდა ბავშვების დაბადების მოწმობებისა. მითხრეს, რომ დოკუმენტები ჩემს შვილებს გადასცეს, რადგან დილით მოსკოვში გაფრინდნენო“.

"მამა, ხუთი დღე გაქვს"

მას შემდეგ, რაც ევგენი მეჟევოი დააკავეს „ფილტრაციის“ დროს, მისი შვილები ე.წ. „საევაკუაციო ავტობუსით“ დონეცკის ოლქის სოფელ ბეზიმიანში მიიყვანეს ასევე „ფილტრაციისთვის“.

თავიდან ბავშვები კულტურის სახლის შენობაში ცხოვრობდნენ,იქ მათ ქალი უვლიდა, რომელსაც ევგენიმ მიაბარა ისინი მარიუპოლში, თუმცა შემდეგ ის სადღაც გაუჩინარდა.

„ბავშვები თავს თავად ხედავდნენ, მეძებდნენ. მატვეი განცხადებებს წერდა,

გოგოები დარბოდნენ და მათ კედლებზე აკრავდნენ. შემდეგ ისინი ნოვოაზოვის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, იქ ისხდნენ, კულტურის ცენტრის დირექტორმა სოციალური სამსახური გამოიძახა, რადგან ბავშვები მარტონი იყვნენ და მათ წაიყვანეს“, - ამბობს ევგენი მეჟევოი.

საავადმყოფოდან ბავშვები დონეცკის ბავშვთა სახლში გადაიყვანეს, სადაც 27 მაისს დილით უთხრეს, რომ მოსკოვში მიფრინავდნენ.

ბავშვები ჯერ ავტობუსით გადაიყვანეს დონის როსტოვში, იქიდან თვითმფრინავით რუსეთის დედაქალაქში, შემდეგ კი პოლიანის ბავშვთა სანატორიუმში. ეს არის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბავშვთა სამედიცინო ცენტრის საგარეუბნო ფილიალი. ევგენი მეჟევოის სამ შვილთან ერთად რუსეთში 31 უკრაინელი ბავშვი გადაასახლეს.

ბავშვებმა მამასთან ურთიერთობა პირველად სანატორიუმში ჩასვლიდან ერთი კვირის შემდეგ შეძლეს. ევგენიმ დონეცკის ე.წ. სოციალური სამსახურიდან მიიღო აღმზრდელის ტელეფონის ნომერი, რომელიც ბავშვებთან ერთად იმყოფებოდა რუსეთში. მათ პერიოდულად აძლევდნენ სატელეფონო კომუნიკაციის შესაძლებლობას. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ზარი 16 ივნისს იყო, იმ ტელეფონიდან, რომელიც მამაკაცმა შვილს დაკავებისას კისერზე ჩამოკიდა. მატივეი რეკავდა: ბიჭმა თქვა, რომ მათ გაშვილებას უპირებდნენ.

„მამა, სოციალური სამსახურიდან მოვიდნენ, ჩვენი გაშვილება უნდათ. დონეცკში ვერ ჩაგვიყვანენ, რადგან იქ სროლაა. ან სკოლა-ინტერნატში წავალთ, ან გაგვაშვილებენ. თქვეს, რომ მაქსიმუმ ხუთი დღე გაქვს“. ორ დღეში ჩავედი“,– იხსენებს ევგენი.

ევგენის სამგზავრო თანხით მოხალისეები დაეხმარნენ. ვინ არიან ეს ადამიანები, არ ამბობს, რათა მათ ხელი არ შეუშალოს სხვა უკრაინელებისთვის დახმარების აღმოჩენაში. იგივე პირები აწარმოებდნენ მოლაპარაკებას დონეცკის „სოციალურ სამსახურთან“, დაწერეს წერილი რუსეთის პრეზიდენტის სახელზე ბავშვების კანონიერი წარმომადგენლისთვის დაბრუნების მოთხოვნით. კაცი ჯერ მატარებლით მივიდა სანატორიუმამდე, შემდეგ გზა ქფეხით განაგრძო და აი, დიდი ხნის ნანატრი შეხვედრაც შედგა.

"ვაშა, მამა!" კიდევ რა შეეძლოთ, ეთქვათ? სიტყვები არ მყოფნის, ემოციებია. ჩავეხუტე“, - იხსენებს ევგენი.

ოჯახი რამდენიმე დღე ადგილობრივი მოხალისის სახლში ცხოვრობდა, შემდეგ კი საზღვარგარეთ გამგზავრების შეთავაზება მიიღო.

მატვეის შიში საფუძვლიანი იყო

დაახლოებით რვა თვეა, ოჯახი ლატვიის დედაქალაქში ცხოვრობს. რიგაში იქირავეს ბინა. ევგენი სამსახურში დადის, მატვეი და სვიატოსლავი – სკოლაში, ალექსანდრა კი – საბავშვო ბაღში. ახლა მათ მარიუპოლს მხოლოდ რამდენიმე ნივთი ახსენებთ, რომელთა თან წაღებაც მოახერხეს.

უკვე ლატვიაში გააცნობიერა ოჯახმა, რომ მატივი მართალი იყო, როდესაც გაშვილების გამო შიშობდა.

მეჟევებთან ერთად მარიუპოლიდან დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების ჯგუფში იყო ბიჭი ფილიპი. სწორედ ის იშვილა რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისარმა მარია ლვოვა-ბელოვამ. ბავშვს რუსული პასპორტი გადასცეს პროპაგანდისტული კამპანიის თანხლებით. მაშინ ბავშვა რუსეთის სახელმწიფო მედიას განუცხადა, რომ ობოლი იყო, მარიუპოლში მეურვეებთან ერთად ცხოვრობდა და თითქოს მათ სახლიდან გააძევეს რუსული შემოჭრის დაწყების შემდეგ.

ევგენი ამბობს, რომ როდესაც ფილიპის ამბავი საჯარო გახდა, მისმა შვილმა მაშინვე იცნო ბიჭი:

„იქ ყველა მისი ჯგუფიდანაა. ამოსაცნობი რაა. 31 ბავშვი წაიყვანეს მაშინ მარიუპოლიდან და ეს ბავშვები სულ ერთად იყვნენ, ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით არ დაუყვიათ“.

მოგვიანებით მატვეიმ შეიტყო, რომ სხვა უკრაინელი ბავშვები გააშვილეს. ამის შესახებ მას ტელეფონზე ბანაკში მცხოვრებმა მეგობარმა უთხრა.

ამ ოჯახის ისტორია ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანთაგან, რომელთაც ბედნიერი დასასრული აქვთ ოჯახის გაერთიანების სახით. უკრაინის სამთავრობო ვებგვერდის „ომის ბავშვები“ ცნობით, უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთიდან მხოლოდ 128 ბავშვის დაბრუნება მოახერხა. ეს პროცესი რთული და ხანგრძლივია, მაგრამ იმისთვის, რომ მეტი მსგავსი ისტორია გვქონდეს, უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი დიმიტრი ლუბინეცი დეპორტირებულების ახლობლებს მიმართავს:

„თუ გაქვთ ინფორმაცია ასეთი ბავშვების შესახებ, თუ იცით მსგავსი სიტუაციების შესახებ, თუ ხართ ასეთი ბავშვების ნათესავები, მეგობრები, მეზობლები, ნაცნობები, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე, ვებგვერდზე, შეგიძლიათ, მომწეროთ „ფეისბუქზე“. ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას, ვამუშავებთ და ბავშვებს უკრაინაში ვაბრუნებთ“.

უკრაინულმა მხარემ ამ დრომდე უკრაინელი ბავშვების რუსეთში იძულებითი „ევაკუაციის“ 16 ათასზე მეტი ფაქტის იდენტიფიცირება შეძლო. უკრაინის ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისში აცხადებენ, რომ რუსეთში „ასობით ათასი“ არასრულწლოვანი გადაიყვანეს.

„მთავარი ტვინის გამორეცხვაა“ – უკრაინელი ბავშვები რუსულ ბანაკებში

რუსეთის ხელისუფლებამ მოაწყო დაწესებულებების ქსელი, რომლებიც უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან გადაყვანილი უკრაინელი ბავშვების იდეოლოგიური „განათლებით“ არიან დაკავებულნი. როგორც იელის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გაარკვიეს, სულ მცირე, 6000 ბავშვმა გაიარა ასეთი ბანაკები.

ანგარიშის ავტორებმა აღმოაჩინეს დაახლოებით 43 ბანაკი და სხვა დაწესებულება, სადაც უკრაინელი ბავშვები იმყოფებოდნენ. ასეთი ადგილების მთავარი ფუნქცია ბავშვების პოლიტიკურად ხელმეორედ აღზედაა. ცნობილია, რომ სამხედრო წვრთნა იქ 14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებიც გაიარეს. გადასახლებულებს შორის არიან ობლები და უკრაინის ბავშვთა სახლების აღსაზრდელები. ერთ-ერთი მკვლევარის თქმით, ყველაზე მცირე ასაკის ბავშვი მხოლოდ ოთხი თვის იყო. ამ 6000 ბავშვიდან ბევრს ჰყავს მშობლები, მათ იძულებით აკავებენ რუსულ ბანაკებში, არ აძლებენ შინ დაბრუნების საშუალებას, – ნათქვამია მოხსენებაში.

„რუსეთის მთავარი მახასიათებელია ტვინების გამორეცხვა, როგორც საკუთარი, ასევე ჩვენი შვილების, რომელთა დეპორტაციაც მოახდინეს. ჩვენი შვილების ხელმეორედ აღზრდას 2014 წლიდან ვაკვირდებით: რუსული ე.წ. "ახალგაზრდული არმია", რომელშიც ჩართეს ძალიან დიდი რაოდენობით ბავშვი - ათასობით მოზარდი - გაუშვეს სამხედრო წვრთნაზე.ეს არის ჩვენი შვილების დარწმუნების მცდელობა, რომ რუსეთი ბედნიერი ქვეყანაა, რომელსაც დაცვა სჭირდება, რომელიც უნდა გიყვარდეს და მხოლოდ მასში შეიძლება, გქონდეს ბედნიერი ბავშვობა. სხვათა შორის, ამის ნათელი დადასტურებაა ჩვენი დეპორტირებული ბავშვების მიერ გადაღებული დოკუმენტური სერიალი, "ბავშვობა. დაბრუნება". არ შემიძლია, არ აღვნიშნო ის საშინელი ამბავი, რომელიც მედიაში ორი თვის წინ გავრცელდა, როდესაც კადიროვმა დაიკვეხნა, რომ უკრაინელი თინეიჯერები, რომლებსაც არ სურთ, უყვარდეთ რუსეთი და ჯერ კიდევ სურთ, იქ დაბრუნება, ხელახლა აღზრდას ჩეჩნეთში. ერთ–ერთი ბანაკი ჩეჩნეთთანაა და ვფიქრობ, ჩვენი ბავვები იქ მძიმე წნეხს განიცდიან“,– თქვა უკრაინის ჰელსინკის ადამიანის უფლებათა კავშირის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ აქსანა ფილიპიშინამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S