ვიქტორია ნულანდი - აშშ და „დიდი შვიდეული“ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებენ
17/02/2023 06:10:53 მსოფლიო
ამერიკა და "დიდი შვიდეულის" ქვეყნები რუსეთისთვის ახალი სანქციების პაკეტზე მუშაობენ, რომელსაც უკრაინაში ომის დაწყების წლისთავისთვის გამოაცხადებენ. შესაბამისი განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ულანდმა გააკეთა.
გარდა ამისა, მზადდება ინდივიდუალური სასჯელები მათთვის, ვინც მონაწილეობს ან უშუალოდ მხარს უჭერს უკრაინაში ომს.
"ვფიქრობ, რომ 24 თებერვლისთვის თქვენ იხილავთ სანქციების ახალ პაკეტს ამერიკის მხრიდან, ასევე G7-ის პარტნიორებისგან. ეს სანქციები გააფართოებს და გააღრმავებს მანამდე ამოქმედებულ შეზღუდვებს გარკვეულ კატეგორიებში, რომლებიც უკავშირდება რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიისთვის ტექნოლოგიისა და აღჭურვილობის ნაკადის შეზღუდვას და ა.შ." - განაცხადა ნულანდმა.
მისივე თქმით, სანქციები, შესაძლოა, დაუწესდეთ იმ ქვეყნებსაც, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს თავი აარიდონ მანამდე დაწესებულ შეზღუდვებს. საუბარია, იმ სქემებზე, რომლის მიხედვითაც, სანქციების პირობებში, მესამე ქვეყნების გავლით რუსეთს მიეწოდება ნოუთბუქები, მაცივრები, სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომლის ნაწილების გამოყენაბა რუსეთს შეუძლია ომის პირობებში.
"ასევე ვაპირებთ გავაფართოოთ ჩვენი საექსპორტო კონტროლი, რათა მოვიცვათ ქვეყნები, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს. საჯაროდ გვილაპარაკია ირანზე, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეაზე. თუმცა არსებობენ სხვა ქვეყნების, რომლებსაც რუსეთი იყენებს იმისთვის, რომ სანქციები თავიდან აირიდოს", - თქვა ნულანდმა.


