
სიმონ დადიანის ნათესავები წულუკიანს ღია წერილით მიმართავენ
16/02/2023 18:30:24 საზოგადოება
სიმონ დადიანის ნათესავები კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს ღია წერილით მიმართავენ
წერილის ავტორები, ლია ვოდე მდივნი და მიხეილ ვოდე მდივნი აღნიშნავენ, რომ 2017 წელს საქართველოს უანგაროდ გადასცეს მათ საკუთრებაში არსებული სიმონ დადიანის 22 ნამუშევარი. წერილის ავტორები აცხადებენ, რომ წინაპრის სურვილი შეასრულეს.
„2017 წელს საქართველოსათვის ჩვენი წინაპრის, სიმონ დადიანის ნამუშევრების გადაცემით, მისი სურვილი შევასრულეთ, რამდენადაც სიცოცხლეში სიმონ დადიანმა ასე განაცხადა: „მსურს ჩემი ნამუშევრები გადაეცეს საქართველოს, როდესაც ის იქნება თავისუფალი და დამოუკიდებელი, რათა ისინი ყველამ გაიცნოს ჩემს სამშობლოში, რომელიც 5 წლის ასაკში დავტოვე“.
ამ სურვილის აღსასრულებლად ჩვენ ვთხოვეთ ჩვენი ბავშვობის მეგობარს, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც იმ დროს საქართველოს პარლამენტის წევრი იყო, რომ დავეკავშირებინეთ კულტურის სამინისტროსთან, რათა ჩვენი გეგმა უფრო ადვილად განგვეხორციელებინა. ამის შედეგად სიმონ დადიანის სურვილი აღვასრულეთ საქართველოს საელჩოში საფრანგეთში, სადაც ხელი მოვაწერეთ ჩვენს საკუთრებაში არსებული ნამუშევრების საქართველოსადმი გადაცემას“, - ნათქვამია წერილში.
სიმონ დადიანის ნათესავები ორბელიანების სასახლიდან ტილოების გატანას უარყოფითად აფასებენ და წულუკიანს მიმართავენ, რომ „ხელოვნებას არ უყვარს ზეწოლა“.
„ადრეც გვჯეროდა და დღესაც გვჯერა, რომ საქართველო შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. ვერ წარმოვიდგენდით, რომ სპეციალური ოპერაცია ჩატარდებოდა ორბელიანის სასახლიდან ხუთი ტილოს გასატანად, რომლებიც ხელოვნების სასახლიდან წერილობითი შეთანხმების შედეგად გადაეცა პრეზიდენტის სასახლეს. საქართველომ პასუხისმგებლობა აიღო, რომ ამ ნამუშევრებს გააცნობდა საზოგადოებას. სად, თუ არა ორბელიანის სასახლეში, შეიძლება ამ ტილოების დათვალიერება.
რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, საქართველოს დიდი შრომა არ გაუწევია ამ ტილოების პოპულარიზაციისთვის, რაც დასანანია. პრეზიდენტის სასახლე სწორედ ამის საშუალებას იძლევა.
ქალბატონო მინისტრო, ხელოვნებას არ უყვარს ზეწოლა. დართეთ ნება, რომ ხალხმა იხილოს ეს ნამუშევრები და შესრულდეს საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან 2017 წელს აღებული ვალდებულება“, - ვკითხულობთ ლია ვოდე მდივნისა და მიხეილ ვოდე მდივნის ღია წერილში.
13 თებერვალს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თავისი რეზიდენციიდან სურათების გატანა, „ფეისბუკ-პოსტით" თენგიზ აბულაძის ფილმ „მონანიებაში“, მხატვარ სანდრო ბარათელის სახლიდან ნახატების გატანის კადრებს შეადარა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პოლიტიკურ თავდასხმად შეაფასა საქართველოს კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციის შენობიდან სიმონ (პეტრე) დადიანის ხუთი ფერწერული ტილოს წაღების შესახებ.
რამდენიმე დღით ადრე საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის „ფეისბუკის“ პირად გვერდზე გამოეხმაურა ეროვნულ გალერეასთან მიმდინარე სოლიდარობის აქციას, რომელსაც სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები და სხვა მოქალაქეები მართავენ.
სალომე ზურაბიშვილმა გალერეასთან მობილიზებული სამართალდამცველების რაოდენობაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ განვითარებული მოვლენები „სხვა ეპოქას ახსენებს“.
ეროვნულ გალერეაში 2023 წლის 4 თებერვალს გახსნილი გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა - „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“.
მომხდარი ფაქტის გამო, იმავე დღეს, საქმის წარმოება დაიწყო ქურდობის მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ისჯება შინაპატიმრობით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე. ამას კი პროტესტი მოჰყვა.
მოგვიანებით, შსს-მ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.