რუსეთმა საქართველოს "მეგობრულობის" მაჩვენებელი მკვეთრად გაზარდა
16/02/2023 15:02:14 პოლიტიკა
მოსკოვის კომუნიკაციების განვითარების ეროვნულმა ინსტიტუტმა (НИИРК) პოსტსაბჭოთა ქვეყნების მეგობრული საკომუნიკაციო რეჟიმების 2022 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. არამეგობრულ სახელმწიფოებს რუსმა ანალიტიკოსებმა უკრაინა, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი მიაკუთვნეს, მეგობრულს - ბელარუსი, შემდეგ - ყირგიზეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, სომხეთი, ტაჯიკეთი, აზერბაიჯანი და თურქმენეთი, ხოლო მოლდოვა და საქართველო მათ "შედარებით მეგობრულ საკომუნიკაციო რეჟიმებად" ჰყავთ შეფასებული.
ამასთან, 2021 წელთან შედარებით, საქართველოს "მეგობრულობის" ქულა მკვეთრად - 5.3-დან 24.2-მდეა გაზრდილი.
იხილეთ ასევე: რა საფრთხეს უქმნის საქართველოს სიცრუე, რომელშიც “ოცნება” გვაცხოვრებს
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საქართველოში "გაუმჯობესდა პირობები ეკონომიკური კომუნიკაციების განვითარებისთვის". რუსული მედია ამას უკავშირებს თბილისის გადაწყვეტილებას, რუსეთის წინააღმდეგ დასავლურ სანქციებს არ შეერთებოდა.
აღსანიშნავია, რომ რუს სპეციალისტებს არ შეუფასებიათ რუსეთის მიერ აღიარებული ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ "სამხრეთ ოსეთი". არადა, 8 თებერვალს НИИРК-ს ხელმძღვანელს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერი ალან გაგლოევი შეხვდა.
იხილეთ ასევე: პუტინი უახლოეს დღეებში შესაძლოა, ბელარუსთან, აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთთან" გაერთიანების გამოსაცხადებლად ემზადებოდეს
НИИРК-ის ინფორმაციით, "მეგობრულობა" 10 საკომუნიკაციო ჯგუფში 68 მაჩვენებლის მიხედვით ფასდებოდა. მონიტორინგის მსვლელობისას გაანალიზდა საგარეო პოლიტიკური, ეკონომიკური, მედია-, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კულტურული, ახალგაზრდული, სასულიერო და სხვა კომუნიკაციების მონაცემები.


