Accentnews.ge
"სიკვდილის კონვეიერი": პუტინის ჯარი ყოველდღიურად 500-მდე კაცს კარგავს, მაგრამ მიზანს ვერ აღწევს

"სიკვდილის კონვეიერი": პუტინის ჯარი ყოველდღიურად 500-მდე კაცს კარგავს, მაგრამ მიზანს ვერ აღწევს

16/02/2023 12:08:24 მსოფლიო

გაჭირვებით შეაკოწიწეს რა 300 000-კაციანი კონტინგენტი, რუსი გენერლები უკრაინის ომის წლისთავზე პუტინისთვის დონბასის სახით საჩუქრის მისართმევად მარშალ ჟუკოვის დროინდელ ტაქტიკას დაუბრუნდნენ: დაუცველ ჯარისკაცებს დანაღმულ ველებსა და ღია საარტილერიო ცეცხლში აგდებენ, რის შედეგადაც საშუალო დღიურმა დანაკარგმა უკვე 500 კაცს მიაღწია, თუმცა შედეგი ამ დრომდე არ ჩანს, - წერს "The Moscow Times".

უგლედართან, სადაც ამასწინათ საზღვაო ქვეითთა ორი (155-ე და მე-40) რუსული ელიტური ბრიგადა განადგურდა, პუტინის ჯარმა ორ დღეში 1000 მებრძოლი დაკარგა, - განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა მოკავშირე ქვეყნების მინისტერიალზე. "პრეზიდენტი პუტინი და რუსული გენშტაბი ან უარყოფენ, ან აიგნორებენ რეალობას. მათთვის უბრალოდ სულერთია, რა რაოდენობის საკუთარ მოქალაქეებს დახოცავენ" - განაცხადა უოლესმა.

"რუსეთის სარდლობამ არ გაითვალისწინა არეალის თავისებურებები — მოშიშვლებული დანაღმული მინდვრები", - განუცხადა გამოცემას უგლედარის ბრძოლაზე საუბრისას უკრაინის ამ რაიონის ტერიტორიული თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა ალექსეი დმიტრაშკოვსკიმ .

"მეთაურმა გვითხრა, შინ ან ტვირთ-200-ად [ცხედრად - რედ.] დაბრუნდებით, ან ტვირთ-300-ადო [დაჭრილად - რედ.]. სულ რვანი გადავრჩით. თითქმის სრულად გავნადგურდით. ამის შემდეგ პარტია-პარტია გვახმარდნენ ახალმობილიზებულებს, თუმცა ისინიც ყოველ ჯერზე უსარგებლოდ იხოცებოდნენ", — უამბო გამოცემა "7×7"-ს წყნარი ოკეანეს ფლოტის 155-ე ელიტური ბრიგადის ცოცხლად გადარჩენილმა წევრმა.

სიკვდილის კონვეიერი უკრაინულ ფრონტზე, სადაც პუტინი გენერლებისგან ომის წლისთავისთვის გარღვევას ელის, რეკორდული სიმძლავრით ამუშავდა, არმიის დანაკარგებმა არნახულ მასშტაბებს მიაღწია, - ამბობს "მედიაზონის" მთავარი რედაქტორი სერგეი სმირნოვი, რომელიც BBC-სთან ერთად ომის დაწყების დროიდან დაღუპულთა სიებს ადგენს. მისივე თქმით, უკრაინაში შეჭრის მომენტიდან რუსულმა არმიამ დაღუპულებისა და დაჭრილების სახით უკვე თითქმის 200 ათასი ადამიანი დაკარგა — მეტი, ვიდრე გასული წლის 24 თებერვლის შეჭრისთვის იყო შეგროვებული, ბოლო ორი კვირის განმავლობაში კი, რაც პუტინმა ახალი შეტევა წამოიწყო, მოდის ცნობები რეკორდულად მაღალი დანაკარგების შესახებ.

"რუსული სარდლობა საბჭოთა წითელ არმიაში პოპულარულ ტაქტიკას იყენებს: ცოცხალ ძალას შეტევაში მოწინააღმდეგის ცეცხლქვეშ "ადამიანთა ტალღებად" აგდებს" - აღნიშნავს Rand Corporation-ის ანალიტიკოსი დარა მასიკოტი.

არად აგდებენ რა დანაკარგს, გენერლები ჩქარობენ შეტევას, სანამ უკრაინა დასავლურ ტანკებსა და ჯავშანტექნიკას მიიღებდეს. მაგრამ მოწინააღმდეგის "რუს ჯარისკაცთა გვამებში ჩახრჩობის" ტაქტიკა ომის მხარდამჭერ რუს z-ბლოგერებშიც კი შოკს იწვევს.

დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ყოფილმა "თავდაცვის მინისტრმა" იგორ გირკინმა (სტრელკოვმა) რუსულ სარდლობას "სრული კრეტინები" უწოდა. უკანონო გასამხედროებული ფორმირება "ვაგნერის" ტელეგრამ-არხი "Grey Zone" კი თავად "შტაბში მიყუჟულ» რუსულ სარდლობას დაემუქრა "ტვირთ-200-ად ქცევით".

"არავითარი ცვლილება, რომელიც იმის მანიშნებელი იქნებოდა, რომ რუსულმა სარდლობა უკრაინული კამპანიის დასაწყისში დაშვებული შეცდომები გაითვალისწინა, არ ჩანს: მართალია, რუსული ცოცხალი ძალა რაოდენობრივად გაზრდილია, ახალი სტრატეგიული ტერიტორიების დაკავება მას კვლავინდებურად არ ძალუძს. როგორც ჩანს, პუტინი მზადაა, ხორცის საკეპში გაუშვას ყველა. მაგრამ დღეის მდგომარეობით, ახალი შეტევა უფრო სურვილად მოჩანს, ვიდრე რეალობად" - ასკვნის "The Moscow Times".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S