Accentnews.ge
დაიწყება თუ არა ანექსირებული  ყირიმის დეოკუპაცია წელსვე? - აშშ-ისა და უკრაინის პოზიციები

დაიწყება თუ არა ანექსირებული ყირიმის დეოკუპაცია წელსვე? - აშშ-ისა და უკრაინის პოზიციები

16/02/2023 09:53:45 მსოფლიო

სანამ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ცდილობს, დააჯეროს საქართველოს მოსახლეობას, რომ რუსეთი უკრაინასთან ომს ლამის იგებს, უკრაინა და მისი დასავლელი პარტიორები საქმის რეალურ ვითარებაზე დაყრდნობით ახლა იმაზე მსჯელობენ, მიზანშეწონილია თუ არა, უკრაინამ წელსვე წამოიწყოს ყირიმის დეოკუპაციის მცდელობაც – იმ ყირიმისა, რომელიც რუსეთისთვის შავ ზღვაზე გასასვლელსა და პუტინის პირადი ღირსებისთვის “წითელ ხაზს” წარმოადგენს.

“უკრაინის მცდელობა, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმიც დაიბრუნოს, პუტინისთვის “წითელი ხაზის” კვეთად იქცევა. ამდენად, აშშ არ აგულიანებს კიევს ნახევარკუნძულის დაბრუნების მცდელობის წამოსაწყებად და ცდილობს, უკრაინულ ძალებს დაეხმაროს წინ წაწევაში იქ, სადაც ბრძოლა მიმდინარეობს, უმთავრესად - აღოსავლეთში. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებებს საკუთარ საომარ გეგმებთან დაკავშირებით კიევი დამოუკიდებლად იღებს”, - განაცხადა, გამოცემა Politico-ს ოთხი სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ენტონი ბლინკენმა 15 თებერვალს ექსპერტების ჯგუფთან შეხვედრისას.

გამოცემის ოთხი წყაროდან ორი თვლის, რომ ბლინკენს ყირიმის დეოკუპაციის მცდელობის წელსვე დაწყება არამიზანშეწონილად მიაჩნია, ორმა კი პირიქით, ეს განცხადება იმის მანიშნებლად აღიქვა, რომ ვაშინგტონი მზადაა, კიევის ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღოს.

მანამდე, 20 იანვარს აშშ-ის შტაბების ხელმძღვანელთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილიმ ყირიმის დეოკუპციის მცდელობის წელსვე წამოწყების ნაკლები მიზანშეწონილობის შესახებ განაცხადა.

თავის მხრივ, უკრაინის საკითხებში აშშ-ის ყოფილი სპეცწარმომადგენელი კურტ უოლკერი თვლის, რომ უკრაინა ყირიმში სამხედრო მოქმედებების წარმოებას არ დაიწყებს, მაგრამ მოახდენს ნახევარკუნძულის იზოლირებას.

“არსებობს სამი კრიტიკული წერტილი: რუსეთისკენ სახმელეთო ხიდი, ქერჩის სრუტეზე გამავალი ხიდი და სამხედრო-საზღვაო ბაზა სევასტოპოლში. უკრაინელებმა სამივე უნდა მოსპონ. ეს ყირიმში რუსულ ძალებს მხარდაჭერის გარეშე დატოვებს და ძალზე სერიოზული დარტყმა იქნება აგრესორისთვის”, — განაცხადა უოლკერმა.

ყირიმის სამხედრო ობიექტებზე დარტყმების განსახორციელებლად აშშ-მა უკრაინას მოქმედების 150 კმ-მდე სიშორის რაკეტები Ground Launched Small Diameter Bomb (GLSDB) გადასცა. ამერიკულ-შვედური წარმოების ამ თვითდამიზნებად რაკეტებს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა HIMARS უშვებს.

ამ ფონზე უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ კიევი ყირიმის დაბრუნებას უკვე მიმდინარე ზაფხულისთვის გეგმავს.

“ყირიმს დაგვიბრუნებენ. მეტსაც გეტყვით: ეს ყველაფერი 2014-ში სწორედ ყირიმში დაიწყო და იქვე დასრულდება”, — განაცხადა ბუდანოვმა.

ამასთან, იგი გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ყირიმის დეოკუპაციის საპასუხოდ რუსეთმა ბირთვული იარაღი ამოიყენოს.

“რუსეთი ის ქვეყანაა, რომლისგანაც ბევრ რამეს შეიძლება, ელოდო, მაგრამ არა სრულ იდიოტიზმს. ეს არ მოხდება. ბირთვული დარტყმის განხორციელება რუსეთის არა მარტო სამხედრო მარცხს, არამედ ქვეყნის კრახს გამოიწვევდა. მათ ეს მშვენივრად იციან” – განმარტა ბუდანოვმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S