კობახიძე: "აგენტი ნიშნავს ინტერესების გამტარს და არა ჯაშუშს, ამ ტერმინს ვერ გამოეკიდებით"
15/02/2023 19:35:47 პოლიტიკა
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ის „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებულ უცხოური გავლენის აგენტებთან დაკავშირებულ კანონპროექტში პრობლემას ვერ ხედავს. მისი თქმით, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, ვინ აფინანსებს არასამთავრობო სექტორსა და მედიას.
ამასთან კობახიძის თქმით, პრობლემას ვერ ხედავს ორგანიზაციების უცხოური გავლენის აგენტებად წოდებაში, რადგან ის ჯაშუშობისგან განსხვავდება და გულისხმობს, კონკრეტული ინტერესების გამტარს.
"ტერმინი აგენტი, საქართველოს კანონმდებლობაც და არამარტო კანონმდებლობა, ზოგადად ყველამ იცის რომ აღნიშნავს ჯაშუშს. ანუ, საქართველოს კანონმდებლობას თუ ჩახედავთ, ჯაშუშობა არის დასჯადი, ანუ აგენტური საქმიანობა, როგორც ასეთი - მსგავსი ტერმინოლოგია არ გამოიყენება. ჯაშუშობა არის სხვა რამე და ვიღაცის და რაღაცის აგენტი რომ ხარ ეს არის სხვა რამე. აგენტი ნიშნავს იმას, რომ ვიღაცის და რაღაცის ინტერესის გამტარებელი ხარ და არა ჯაშუში. შეიძლება სხვა ტერმინიც არსებობდეს, მაგრამ ამ ტერმინს რეალურად ვერ გამოეკიდები იმიტომ, რომ არსებობს დაზღვევის აგენტი, რომლის მიზანია რომ დაგარწმუნოს კონკრეტული ხელშეკრულება გააფორმო სადაზღვევო კომპანიასთან, ბანკში არის აგენტი და ყველა სფეროში არიან აგენტები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ ნიშნავს იმას რომ აგენტებზე და აგენტურაზე მუშაობს ხომ. ანუ, ეს მიღებული ტერმინია რეალურად, ნიშნავს ინტერესების გამტარს", – განაცხადა კობახიძემ "რუსთავი 2"–ის ეთერში.
კობახიძის თქმით, კანონრპოექტისადმი კრიტიკა, რომ ის შეიძლება, არასამთავრობო სექტორის შესავიწროებლად გამოიყენონ, არასწორია, რადგან კანონპროექტი ფინანსების გამჭვირვალობას გულისხმობს, რაც მისი თქმით, სასჯელი ვერ იქნება:
"ხალხისთვის გამჭვირვალე თუ გახდება კონკრეტული NGO-ს თუ სხვა ორგანიზაციის ფინანსები, ეს სასჯელია? პარტიები დასჯილები არიან ახლა, როდესაც დეკლარირებას ახდენენ საკუთარი სახსრების? პოლიტიკური პარტია რომ ავიღოთ, მაგალითად, ჩვენ ყოველწლიურად წარვადგენთ დეკლარაციას აუდიტის სამსახურში და თითოეული თეთრი, რაც იხარჯება პარტიის მიერ, რა შემოსავალიც გვაქვს არის საზოგადოებისთვის ცნობილი, ეს სასჯელი ხომ არ არის. რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ პარტიებს აქვთ სერიოზული გავლენა საზოგადოებაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში, აქედან გამომდინარე საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ დგას, მათ შორის ფინანსური კუთხით, ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის უკან. ჰკითხეთ ნებისმიერ მოქალაქეს და ვერავინ გეტყვით რეალურად ვინ აფინანსებს ამა თუ იმ მედია საშუალებას. აქ მარტო ტელემაუწყებლებზე არაა საუბარი, აქ საუბარია სხვა მაუწყებლებზე, ონლაინ და ბეჭდურ მედიაზე, ყველაფერზეა საუბარი. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია რა დაფინანსებით მოქმედებენ ესა თუ ის ორგანიზაციები, ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ".
საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფმა დეპუტატთა ჯგუფმა "ხალხის ძალამ", რომელიც ანტიდასავლური განცხადებებითაა ცნობილი, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე მუშაობა დაასრულა და მას უკვე პარლამენტში არეგისტრირებს.
გავრცელებულ განცხადებაში ჯგუფი მოკლედ მიმოიხილავს პროექტის შინაარს, რომლის თანახმად, "საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს არა მხოლოდ იმ პოლიტიკოსების შემოსავლის წყაროები, ისეთი სუბიექტების (არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის) შემოსავლის წყაროებიც, რომელთა მიზანია ზეგავლენა საჯარო გადაწყვეტილებებზე და მონაწილეობენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში, ან აქტიურ მონაწილეობას იღებენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ კანონების თუ გადაწყვეტილებების მიღების დროს გამართულ დისკუსიებში".
„ხალხის ძალის“ განცხადებით, კანონპროექტით შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი "ფინანსდება უცხოური ძალების მიერ":
"ზემოაღნიშნული სუბიექტების უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის საკითხს უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. იმ სუბიექტებისთვის კი, რომლებიც თავს აარიდებენ რეგისტრაციას, გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმები. ამასთანავე ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ ათავისუფლებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებისაგან. აღნიშნული კანონის მიღება მნიშვნელოვნად გაზრდის საზოგადოების ინფორმირების ხარისხს, რაც დაეხმარება ხალხს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. აქვე შეგახსენებთ რომ ჩვენ პრაქტიკულად დავასრულეთ მუშაობა კანონპროექტზე, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს მედია სივრცეში სიცრუის და უხამსობის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღებას. აღნიშნულ კანონპროექტსაც უახლოეს დღეებში დავაინიცირებთ".
"ხალხის ძალის" დეპუტატები ირწმუნებიან, რომ კანონპროექტი "საუკეთესო დასავლურ პრაქტიკას და ამერიკულ კანონმდებლობას დაეფუძნება".
ცნობისთვის: აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს - მეორე მსოფლიო ომის წინაპერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად იქნა მიღებული, მოგვიანებით კი მან სახეცვლილება განიცადა - მოქმედების არე დავიწროვდა და სადღეისოდ ის ძირითადად უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებს და ლობისტებს ეხებათ.
ამასთან, სადეპუტატო ჯგუფს არაფერი უთქვამს იმის თაობაზე, რომ საქართველოს ოკუპანტ ქვეყანაში - რუსეთში მსგავსი კანონი ცოტა ხნის წინ აამოქმედეს, მის საფუძველზე "უცხოეთის აგენტად" უკვე ასობით ჟურნალისტი, ოპოზიციონერი აქტივისტი, მედია- და არასამთავრობო ორგანიზაცია გამოცხადდა და ფაქტობრივად ყველა, ვინც ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს, ამ კანონის საფუძველზე ექვემდებარება დასჯას საუკეთესო შემთხვევაში - ჯარიმისა და საქმიანობის აკრძალვის, უარესში კი საპატიმრო ვადების სახით.


