მოხალისეებმა თურქეთში ასობით ცხოველი გადაარჩინეს: "ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ნებისმიერი სიცოცხლის გადასარჩენად"
15/02/2023 09:33:44 მსოფლიო
6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ სამხრეთ თურქეთში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მაშველებმა და მოხალისეებმა ადამიანების გარდა, უამრავი ცხოველი გადაარჩინეს.
![]()
მხოლოდ ჰატაიში, რომელიც მიწისძვრის შედეგად მძიმედ დაზარალებული10 პროვინციიდან ერთ–ერთია, მოხალისეებმა დანგრეული შენობების ქვეშ ჩარჩენილი 300-ზე მეტი ცხოველი გადაარჩინეს.
ჰატაის Paw Protectors Animal Welfare Association-ის წევრმა იბრაჰიმ გოჩერმა, ბევრი ნათესავის დაკარგვის მიუხედავად, შეძლო პირად ტკივილთან ერთად ძალა მოეკრიბა და მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად სამაშველო ოპერაციაში ჩართულიყო.
"აქ ჩემს გუნდთან ერთად ვარ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ნებისმიერი სიცოცხლის გადასარჩენად. ბევრი ადამიანი დავკარგე, ნათესავებიდან დაწყებული, უახლოესი მეგობრებით დამთავრებული, მაგრამ უნდა გავუძლოთ ამ ტკივილს. ჩვენ ძლიერები უნდა ვიყოთ. ასევე მნიშვნელოვანია ამ (ცხოველების) სიცოცხლე“, - განაცხადა მან.
როგორც თურქული მედია იუწყება, გადარჩენილი ცხოველებს თავშესაფრებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ან იმ ადგილზე მიჰყავთ, სადაც მათ უვლიან.
"ჩვენ ჯერ–ჯერობით 300-ზე მეტი ცხოველის სიცოცხლე გადავარჩინეთ. აქ დიდი ბრძოლა მიმდინარეობს, დიდი დანაკლისია. დიდია დანაკლისი ყველა ცოცხალი არსებისთვის. მაგრამ ჩვენ მაინც ვაგრძელებთ მუშაობას", – განაცხადა Paw Protectors Animal Welfare Association-ის ხელმძღვანელმა აიშე ტასკირანმა.
ცნობისთვის: თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 41 000-ს გადააჭარბა.
მიწისძვრის შედეგად თურქეთში 35 418 ადამიანია დაღუპული, სირიაში კი დაღუპულთა რიცხვი 5 000-ს აღემატება.
6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ გაზიანთეპთან მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სირიაში, ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელშიც იგრძნობოდა. მას რამდენიმე საათში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა.
მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაში.
ორივე ქვეყანაში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაიზრდება.


