
საქართველომ რუსულ კომპანია „ინტერ-რაოსთან“ $76-მილიონიანი დავა წააგო
15/02/2023 08:20:22 საზოგადოება
საქართველოს მთავრობამ რუსულ ენერგეტიკულ კომპანია „ინტერ-რაოსთან“ 76-მილიონ დოლარიანი საარბიტრაჟო დავა წააგო.
რუსულ კომპანია "ინტერ–რაოსთან" საქართველოს მთავრობის მიერ წაგებულ საარბიტრაჟო დავაზე "ლელომ" ბრიფინგი გამართა.
"13 თებერვალს ქალაქ ვაშინგტონში საარბიტრაჟო დავაში "ინტერ – რაო" საქართველოს წინააღმდეგ", რუსულმა სახელმწიფო კომპანიამ საქართველოს მთავრობას მოუგო დავა და 76 მილიონი დოლარი დააკისრა სახდელი ხელშეკრულების არალეგალურად მოშლისთვის. ეს არის მორიგი მაგალითი საქართველოს მთავრობის და კონკრეტულად, ამ შემთხვევაში კალაძის უვიცობის და არაკომპეტენტურობის სახელმწიფოს მართვის საქმეში", - ამბობს "ლელოს" წევრი თაზო დათუნაშვილი.
"ლელოში" აცხადებენ, რომ გაუგებარია რატომ გავიდა მთავრობა სრულად "თელასის" წილიდან და არ დაიტოვა არავითარი ბერკეტი კომპანიის მართვის კონტროლისთვის.
საარბიტრაჟო დავა კომპანიამ 2017 წელს დაიწყო მთავრობის წინააღმდეგ. კერძოდ, არბიტრაჟში საჩივარი „ინტერ-რაოს“ ორი ჰოლანდიური შვილობილი კომპანიის GARDABANI HOLDINGS B.V.-ის და SILK ROAD HOLDINGS B.V-ის სახელით იყო წარდგენილი.
კომპანიას ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდა სურდა და ითხოვდა 2014 წელს ტარიფების განსაზღვრისას „ლარის გაუფასურებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას“.
იუსტიციის სამინისტროში ამბობდნენ, რომ „საქართველოს მთავრობამ ტარიფები განსაზღვრა სახელმწიფოსა და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად, რითაც 2014 წლიდან მოყოლებული ჩვენი მოქალაქეები იხდიან უფრო მცირე ტარიფებს, ვიდრე კომპანია ითხოვდა“.
„ინტერ-რაო“ საქართველოში მოქმედი ენერგეტიკული კომპანია „თელასში“ აქციების 75%-ს ფლობს.