
რა საკითხები განიხილა სინოდმა
14/02/2023 14:51:23 საზოგადოება
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განმარტა, რა საკითხები განიხილა წმინდა სინოდმა.
„მოკლე სხდომა იყო. თუ არ ვცდები, სულ 3 საკითხი იყო განხილული. სინოდის სხდომამ მშვიდობიანად ჩაიარა. საერთოდ ბევრს ვკამათობთ ხოლმე, მეც მათ შორის. ამჯერად არაფერი საკამათო არ ყოფილა.
პირველი, რაც პირდაპირ შემიძლია გითხრათ: მივულოცეთ პატრიარქს დაბადების დღე, პატრიარქობის 50 წლის იუბილე, მთელმა სინოდმა მიულოცა.
ერთ-ერთი საკითხი რაც იყო, სამძიმრის წერილს გავუგზავნით თურქეთის სახელმწიფოს, მაგრამ პირველ რიგში, კონსტანტინოპოლის პატრიარქს და ანტიოქიის პატრიარქს სირიაში, სადაც მოხდა ეს საშინელი ტრაგედია. დანარჩენი ძალიან ყოფითი საკითხები იყო“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
როგორც მეუფე აღნიშნავს, სინოდის სხდომა დაგვიანებით იმიტომ დაიწყო, რომ პატრიარქი სუსტად გრძნობდა თავს.
„პატრიარქი სუსტად იყო, ძალა მოიკრიბა და შემდეგ ჩატარდა. ჩვენ ამასობაში ვიყავით ერთად, ვისაუბრეთ, დიდი ხნის უნახავები ერთმანეთს შევხვდით და ძალიან კარგი იყო ერთად რომ ვიყავით“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
სინოდის სხდომა ორი წლის განმავლობაში პირველად შეიკრიბა.