საქართველოს მოქალაქეები რუსეთში პოტენციური "აგენტების" სიაში აღმოჩნდნენ
14/02/2023 14:02:27 პოლიტიკა
იმ პირებს შორის, რომელთა საქმიანობასაც რუსული როსკომნადზორი იკვლევდა "უცხოეთის აგენტებად" შესაძლო აღიარებისთვის, აღმოჩნდნენ საქართველოს მოქალაქეებიც, კერძოდ - პროექტ "Эха Кавказа"-ს ბლოგერი დიმიტრი მონიავა, შს ექს-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ექსპერტები გელა ვასაძე და ვახტანგ მაისაია.
804-კაციანი სია "როსკომნადზორის" რადიოსიხშირული ცენტრიდან გაჟონილი ინფორმაციის საფუძველზე რუსულმა გამოცემამ "Важные истории" Süddeutsche Zeitung-თან ერთობლივად შეისწავლა. იგი ბელარუსი ჰაკერების ჯგუფ "კიბერპარტიზანების" წყალობით გახდა ხელმისაწვდომი.
ირკვევა, რომ სიის წევრებზე ინფორაცია 2020-2022 წლებში გროვდებოდა "უცხოეთის აგენტების" რეესტრში მათ შესატანად. 139 წევრი რუსეთში "უცხოეთის აგენტად" უკვე გამოცხადდა.
ამავე სიაში ფიგურირებდნენ მიმდინარე წლის იანვარში გარდაცვლილი მსახიობი და მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე, ასევე მომღეროლები თეონა კონტრიძე და ვალერი მელაძე, პროდიუსერი კონსტანტინე მელაძე, დიზაინერი ბიჭოლა თეთრაძე, მწერალი გრიგორი ჩხარტიშვილი (აკუნინი) და სხვები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფმა დეპუტატთა ჯგუფმა "ხალხის ძალამ", რომელიც ანტიდასავლური განცხადებებითაა ცნობილი, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე მუშაობა დაასრულა და მას უკვე პარლამენტში არეგისტრირებს. გავრცელებულ განცხადებაში ჯგუფი მოკლედ მიმოიხილავს პროექტის შინაარსს, რომლის თანახმად, "საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს არა მხოლოდ იმ პოლიტიკოსების შემოსავლის წყაროები, ისეთი სუბიექტების (არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის) შემოსავლის წყაროებიც, რომელთა მიზანია ზეგავლენა საჯარო გადაწყვეტილებებზე და მონაწილეობენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში, ან აქტიურ მონაწილეობას იღებენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ კანონების თუ გადაწყვეტილებების მიღების დროს გამართულ დისკუსიებში".
„ხალხის ძალის“ განცხადებით, კანონპროექტით შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი "ფინანსდება უცხოური ძალების მიერ":
"ზემოაღნიშნული სუბიექტების უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის საკითხს უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. იმ სუბიექტებისთვის კი, რომლებიც თავს აარიდებენ რეგისტრაციას, გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმები. ამასთანავე ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ ათავისუფლებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებისაგან. აღნიშნული კანონის მიღება მნიშვნელოვნად გაზრდის საზოგადოების ინფორმირების ხარისხს, რაც დაეხმარება ხალხს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. აქვე შეგახსენებთ რომ ჩვენ პრაქტიკულად დავასრულეთ მუშაობა კანონპროექტზე, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს მედია სივრცეში სიცრუის და უხამსობის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღებას. აღნიშნულ კანონპროექტსაც უახლოეს დღეებში დავაინიცირებთ".
"ხალხის ძალის" დეპუტატები ირწმუნებიან, რომ კანონპროექტი "საუკეთესო დასავლურ პრაქტიკას და ამერიკულ კანონმდებლობას დაეფუძნება".
ცნობისთვის: აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს - მეორე მსოფლიო ომის წინაპერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად იქნა მიღებული, მოგვიანებით კი მან სახეცვლილება განიცადა - მოქმედების არე დავიწროვდა და სადღეისოდ ის ძირითადად უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებს და ლობისტებს ეხებათ.
ამასთან, სადეპუტატო ჯგუფს არაფერი უთქვამს იმის თაობაზე, რომ საქართველოს ოკუპანტ ქვეყანაში - რუსეთში მსგავსი კანონი ცოტა ხნის წინ აამოქმედეს, მის საფუძველზე "უცხოეთის აგენტად" უკვე ასობით ჟურნალისტი, ოპოზიციონერი აქტივისტი, მედია- და არასამთავრობო ორგანიზაცია გამოცხადდა და ფაქტობრივად ყველა, ვინც ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს, ამ კანონის საფუძველზე ექვემდებარება დასჯას საუკეთესო შემთხვევაში - ჯარიმისა და საქმიანობის აკრძალვის, უარესში კი საპატიმრო ვადების სახით.


