
მიტროპოლიტი ნიკოლოზი: "მიხეილ სააკაშვილი კი არა, საერთოდ ადამიანი არ მინახავს ასეთ მდგომარეობაში"
14/02/2023 09:08:39 საზოგადოება
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი აცხადებს, რომ ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "სიკვდილის პირას არის, ნამდვილად". ამის შესახებ მან ჟურნალისტებს კლინიკა "ვივამედიდან" გამოსვლის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, მან ექს–პრეზიდენტი კლინიკაში აზიარა.
"ასეთი არაფერი მინახავს, მიხეილ სააკაშვილი კი არა, საერთოდ ადამიანი არ მინახავს ასეთ მდგომარეობაში. ისეთი გამხდარია, ხელზე ღრმული აქვს. იწვა და ვერც მელაპარაკა ან რაზე უნდა გველაპარაკა. ფიზიკურად კომუნიკაციაც ძალიან უჭირს, ძლივს ლაპარაკობს. თვითონაც მითხრა, ასე ცუდად არ ვყოფილვარო და კიდევ, მუცლის შიდა არეში ტკივილები დაწყებული აქვს. ე.ი. სიკვდილის პირას არის, ნამდვილად. ცხოვრებაში, შემიძლია ღვთის წინაშე ვთქვა, რომ ტყუილი არ მითქვამს და რაც არ უნდა მოხდეს არც ვიტყვი არასდროს. თუ მკვლელობის განაჩენი გამოტანილი არ აქვს, სასწრაფოდ უცხოეთშია გასაშვები", - თქვა მიტროპოლიტმა.