ექსპერტები თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ: "კარზეა მომდგარი კიდევ ერთი საფრთხე"
14/02/2023 08:55:50 მსოფლიო
ექსპერტები თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ იმ საფრთხეებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც მათი თქმით, "კარზეა მომდგარი".
კერძოდ, კლინიკური მიკრობიოლოგიისა და ინფექციური დაავადებების თურქი სპეციალისტი, სერჰან საკარია აცხადებს, რომ არასათანადო ჰიგიენის პირობების, არასათანადო თავშესაფრების, სასმელი წყლის პრობლემებისა და სასმელი წყლის კანალიზაციასთან შერევის გამო ძალიან მაღალი რისკია, რომ მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში ინფექციურმა დაავადებებმა იფეთქოს.
"მაღალია ისეთი გადამდები დაავადებების რისკი, როგორიცაა ქოლერა, ტიფი და დიზენტერია. მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონში მყოფ ბავშვებსა და მოზრდილებში დიარეა მნიშვნელოვნად გაიზარდა. გარდა ამისა, მაღალია სასუნთქი გზების ინფექციების რისკი, როგორიცაა გრიპი, მისი მაჩვენებელი სავარაუდოდ, გაიზრდება ერთმანეთთან კონტაქტში ახლოს მყოფ ადამიანებში და ასევე არსებობს COVID-19-ის გადაცემის მაღალი რისკი", – განაცხადა მან.
იგი დაზარალებულ რეგიონებში მყოფ მოსახლეობას მოუწოდებს, სასმელი წყალი მიღებამდე აადუღონ:
"ხელისუფლების უპირველესი პრიორიტეტი უნდა იყოს დიდი სივრცეების მოწყობა, იქნება ეს კარავი თუ კონტეინერი, ეს სივრცე აღჭურვილი უნდა იყოს სველი წერტილებით, ტუალეტებით, სასადილოებით და სხვა საჭირო საშუალებებით. ამჟამად სასმელ წყალთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემის გათვალისწინებით, მოქალაქეებმა წყალი დალევამდე უნდა აადუღონ".
შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 36 000–ს გადააჭარბა.
6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ გაზიანთეპთან მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სირიაში, ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელშიც იგრძნობოდა. მას რამდენიმე საათში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა.
მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაში.
ორივე ქვეყანაში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაიზრდება.


