რუსეთის წინააღმდეგ დასავლურ სანქციებს ბანგლადეშიც შეუერთდა
14/02/2023 07:36:29 მსოფლიო
ბანგლადეშის მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს შეუერთდა და 69 რუსულ ხომალდს თავის პორტებში შესვლა აუკრძალა, - იუწყება "The Financial Express".
ინფორმაცია ამ გადაწყვეტილების თაობაზე უკვე მიეწოდა შესაბამის სამინისტროებს, სააგენტოებს, პორტებს, საზღვაო სამსახურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს.
აღსანიშნავია, რომ სანქციებთან მიერთების გადაწყვეტილება აისახება ქვეყნის უმსხვილესი ენერგეტიკული ობიექტს - "რუპურის" ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე, რომელიც მოსკოვის მხარდაჭერით მიმდინარეობდა, კერძოდ, აღჭურვილობისა და მასალების მნიშვნელოვანი ნაწილით რუსეთიდან მარაგდებოდა.
სამშენებლო მასალით დატვირთული ერთ-ერთი რუსული ხომალდი ბანგლადეშის საზღვაო საზღვართან უკვე არ მიუშვეს. მეტიც, ტვირთის დანიშნულების ადგილამდე გადასაზიდად იგი ინდურ პორტ ხალდიაში შეეცადა გაჩერებას, თუმცა ადგილობრივი ადმინისტრაციისგან უარი მიიღო და ტვირთიანად რუსეთში მოუწია დაბრუნება.
ბანგლადეშის გადაწყვეტილება ვრცელდება ხომალდების ფართო სპექტრზე, ნავთობტანკერებისა და სატვირთო ხომალდების ჩათვლით, რომელთაც 7 კომპანია უწევდა ექსპლუატაციას. ვერც ერთი მათგანი ამიერიდან ქვეყანაში ამ ხომალდებით ტვირთს ვერც ერთი სხვა სახელმწიფოდან ვეღარ შეიტანს.
თავად ბანგლადეშს 197 ხომალდი გააჩნია, რომელსაც შორი საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელება ძალუძს. როგორც საზღვაო ხომალდების ასოციაციის ხელმძღვანელი აზამა ჩოუდხური აცხადებს, თუ ადგილობრივი საწარმოები ვითარებასთან სწრაფ ადაპტირებას მოახერხებენ, სანქციებთან მიერთება არც ტვირთების გადაზიდვის მასშტაბებზე მოახდენს გავლენას, არც მათ ღირებულებაზე.


