
საქართველოში უამინდობა 18 თებერვლამდე გაგრძელდება
14/02/2023 07:05:35 საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში უამინდობა 18 თებერვლამდე გაგრძელდება.
საქართველოში მოსალოდნელია სკანდინავიის ციკლონთან დაკავშირებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი უმეტესად თოვლის სახით, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.
მისი ცნობით, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში ტემპერატურა შესაძლოა, -3 გრადუსამდე შენარჩუნდეს, მთაში -8, მაღალ მთაში კი, ჰაერის ტემპერატურა -15 გრადუსამდე დაიწევს.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის ტემპერატურა იქნება -6 ან -7გრადუსი, მთაში -12 ან -13 და მაღალ მთაში -15 გრადუს. თუმცა, ზოგან ტემპერატურა შესაძლოა, -21 გრადუსამდეც დაეცეს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა ღამით -2 ან -3 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.