Accentnews.ge
მხატვარი შოთიკო აფციაური ეროვნული გალერეიდან საკუთარი ნახატის დაბრუნებას მოითხოვს

მხატვარი შოთიკო აფციაური ეროვნული გალერეიდან საკუთარი ნახატის დაბრუნებას მოითხოვს

13/02/2023 17:36:31 საზოგადოება

თბილისში, ეროვნულ გალერეაში გახსნილი ჯგუფური გამოფენის მონაწილე, მხატვარი შოთიკო აფციაური საკუთარი ნამუშევრის დაბრუნებას მოითხოვს. მან „ფეისბუკის" პირად გვერდზე დაწერა, რომ მისწერა გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ კურატორს ქეთი შავგულიძეს და კულტურის ცენტრ „ათინათს". აფციაური მათ სწერს, რომ მიმართონ ეროვნულ გალერეას და მომდევნო 24 საათის განმავლობაში მას ნამუშევარი დაუბრუნდეს. მხატვარი აცხადებს, რომ ამ ვადაზე დიდხანს მისი ნამუშევრის იქ ყოფნა მისთვის მიუღებელია.

„ახლახანს გავგზავნე წერილი ქეთი შავგულიძის და ათინათის სახელზე. რათა მიმართონ ეროვნულ გალერეას რომ მომდევნო 24 საათის განმავლობაში დაბრუნდეს გამოფენაზე "ავტოპორტრეტი სარკესთან" ჩემი ნამუშევარი ჩემს ხელში რისი წამოღების ორგანიზაციაც თავად შემიძლია მოვახდინო. ეს ნამუშევარი ჩემი შემოქმედებითი საკუთრებაა, გამოფენამდე არ მომიწერია ხელი არც ერთი იურიდიული დოკუმენტისთვის, არ ამიღია ჰონორარი და ჩემი თანამონაწილეობა სრულიად ჩემი კეთილგანწყობის საფუძველზე მოხდა. ამ პოსტს საჯაროდ ვწერ რადგან ვთვლი საკმაოდ საზრიანი ვადაა 24 საათი მიღება ჩაბარების აქტის, და სხვა დოკუმენტების მოსაგვარებლად. ასევე საჯაროდ ვაფიქსირებ რომ ამ ვადაზე დიდხანს ჩემი ნამუშევრის იქ ყოფნა ჩემთვის მიუღებელია.

ასევე ამ პოსტით საჯაროდ ვაფიქსირებ სურვილს ამ განაცხადიდან, ნამუშევრის დაბრუნებასთან დაკავშირებით 24 საათის ვადაში რისი სრული კანონიერი უფლებაც გამაჩნია.

პ.ს. ყველას გთხოვთ ნუ ესვრით ტალახს, გამოფენის მონაწილე მხატვრებს, ეს არასწორია და არაჯანსაღი, ყველა მონაწილე ხელოვანმა ზუსტად იცის რა, როდის და როგორ გააკეთოს და ყველას პოზიციონირების უკან დგას ჯანსაღი აზრი და ქმედება. ყველაზე მეტად საჭირო ამ დროს ერთობაა . სწორედ პოზიციების და აზრთა სხვადასხვაობაშია ხელოვნების სიცოცხლე და დამოუკიდებლობა და სწორხაზოვანი მორალისტური აზროვნებაა, ის რის გამოც ასეთი უმსგავსობები ხდება. ჰეროიზმი ხშირად ყველაზე მარტივი გამოსავალია რომელიც ხშირად "მტრის" წისქვილზე ასხავს წყალს", - წერს შოთიკო აფციაური.

ეროვნულ გალერეაში 2023 წლის 4 თებერვალს გახსნილი გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა - „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“.

მომხდარი ფაქტის გამო, იმავე დღეს, საქმის წარმოება დაიწყო ქურდობის მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ისჯება შინაპატიმრობით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე.

11 თებერვალს გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილეებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც დაგმეს თავისუფლების იდეაზე დაფუძნებული ორგანიზაციების და ხელოვანების მიმართ "ანტაგონიზმი და რეპრესიები".

11 თებერვალს მსგავსი განცხადება, რომელშიც დაგმობილი იყო სისხლის სამართლებრივი საქმის დაწყება, გაავრცელა საქართველოს პენცენტრმაც.

12 თებერვალს მხატვრის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი საქმის წარმოება გააპროტესტა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

13 თებერვალს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შევიდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პოლიტიკურ თავდასხმად აფასებს საქართველოს კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას, ადმინისტრაციის შენობიდან სვიმონ (პეტრე) დადიანის ხუთი ფერწერული ტილოს წაღების შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S