Accentnews.ge
საია – სახელმწიფო უწყებებს: "შეწყვიტეთ ხელოვნების წარმომადგენლებზე ზეწოლა, საქმიანობაში ჩარევა"

საია – სახელმწიფო უწყებებს: "შეწყვიტეთ ხელოვნების წარმომადგენლებზე ზეწოლა, საქმიანობაში ჩარევა"

13/02/2023 15:03:07 საზოგადოება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სანდრო სულაბერიძის ქმედება არ შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს და ამ კუთხით მის წინააღმდეგ გამოძიების წარმოება მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებით განმტკიცებულ გარანტიებს.

საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი ტიპის გამოძიება ხელოვნების წარმომადგენლებზე ზეწოლის მექანიზმია, რომლის მიზანია სხვა პირებისთვის ერთგვარი გაფრთხილება, გარკვეულ საკითხებზე საკუთარი პოზიციების გამოხატვისგან შეიკავონ თავი.

ორგანიზაცია მოუწიდებს სახელმწიფო უწყებებს, შეწყვიტოს ხელოვნების წარმომადგენლებზე ზეწოლა და მათ საქმიანობაში უხეში ჩარევა, ასევე, თავი შეიკავოს შეკრების თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევისგან, ხოლო, გულდასმით შეისწავლოს ასეთი ფაქტები და მოახდინოს მასზე ჯეროვანი რეაგირება.

"აღსანიშნავია, რომ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში რეორგანიზაცია და მასშტაბური ცვლილებები დაიწყო. შედეგად, ამ დროისთვის მრავალი დასაქმებული გათავისუფლდა დაკავებული პოზიციებიდან. საია აქტიურად მუშაობს კულტურის სფეროში მიმდინარე შრომით დავებზე, რომლებიც სწორედ ახალი მინისტრის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგია.

აქვე აღსანიშნავია, სახალხო დამცველის 2022 წლის 26 ოქტომბრის რეკომენდაცია განსხვავებული მოსაზრებების ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის თაობაზე, რომლის საფუძველზეც უწყებას დაევალა დისკრიმინაციული მოპყრობის აღმოფხვრა, რაც სრულიად უპასუხოდ იქნა დატოვებული. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 12 თებერვალს სანდრო სულაბერიძის საქმესთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე, ეროვნული გალერეის წინ, სახელოვნებო და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს გზავნილით „ხელოვნება ცოცხალი და თავისუფალია".

როგორც საჯაროდ გავრცელებული წყაროებიდან ირკვევა, საპროტესტო აქციაზე, სამოქალაქო აქტივისტს ნატა ფერაძეს სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც მან მიიღო ფიზიკური დაზიანება. მისი განცხადებით, სამართალდამცავები მას იმ საღებავების გამო დაუპირისპირდნენ, რომლებიც პარკში ეწყო და ისინი არ გამოუყენებია.

მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, როგორც აზრის გავრცელების საშუალება, დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია და გარანტირებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით ისე საერთაშორისო აქტებით. შეკრება ჯანსაღი პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას, ცნობიერების ამაღლების, ცვლილებებისა თუ რეფორმების პროცესს და წარმოადგენს ხელისუფლებაზე ზემოქმედების ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ საშუალებას. სახელმწიფოს არ აქვს უფლება ჩაერიოს მშვიდობიანი დემონსტრაციის დროს შეკრების თავისუფლებაში.

ნებისმიერი ძალადობრივი აქტი არის არალეგალური და არღვევს ადამიანის უფლებათა ფუნდამენტურ პრინციპებს. ნატა ფერაძის ინციდენტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია იძლევა საშუალებას ვიფიქროთ, რომ ადგილი ჰქონდა შეკრების თავისუფლებაში არალეგიტიმურ ჩარევას", - ნათქვამია განცხადებაში.

ეროვნულ გალერეაში 2023 წლის 4 თებერვალს გახსნილი გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა - „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“.

მომხდარი ფაქტის გამო, იმავე დღეს, საქმის წარმოება დაიწყო ქურდობის მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ისჯება შინაპატიმრობით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე.

11 თებერვალს გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილეებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც დაგმეს თავისუფლების იდეაზე დაფუძნებული ორგანიზაციების და ხელოვანების მიმართ "ანტაგონიზმი და რეპრესიები".

11 თებერვალს მსგავსი განცხადება, რომელშიც დაგმობილი იყო სისხლის სამართლებრივი საქმის დაწყება, გაავრცელა საქართველოს პენცენტრმაც.

12 თებერვალს მხატვრის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი საქმის წარმოება გააპროტესტა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

13 თებერვალს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შევიდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პოლიტიკურ თავდასხმად აფასებს საქართველოს კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას, ადმინისტრაციის შენობიდან სვიმონ (პეტრე) დადიანის ხუთი ფერწერული ტილოს წაღების შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S