ირანმა რუსეთს შორი მანძილის დრონები მიაწოდა- The Guardian
13/02/2023 13:27:27 მსოფლიო
ირანმა 2022 წელს რუსეთს გადასცა შორი მანძილის საბრძოლო დრონების პარტია,– წერს The Guardian საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, მოსკოვსა და თეირანს შორის შეთანხმება ნოემბერში დაიდო. მაშინ რუსეთის დელეგაცია შეთანხმდა ირანულ მხარესთან ექვსი Mohajer-6–ის, ასევე 12 Shahed 191 და 129–ის დრონების მიწოდებაზე. გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთისთვის მანამდე მიწოდებული კამიკაძე დრონებისგან განსხვავებით, ეს უპილოტო საფრენი აპარატები განკუთვნილია მრავალჯერადი გამოყენებისთვის - დარტყმის შემდეგ ისინი უბრუნდებიან ბაზას.
გამოცემა განმარტავს, რომ რუსეთი დაინტერესებულია უფრო მოწინავე დრონების მიღებით, რადგან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ისწავლეს შაჰედ-131 და შაჰედ-136–ის ეფექტურად ჩამოგდება.
გამოცემის წყარო ყვება, რომ დრონები რუსეთს ორი მარშრუტით გადასცეს - ნაწილი გაგზავნეს ირანული გემით, საიდანაც ტვირთი კასპიის ზღვაში რუსეთის საზღვაო ძალების გემზე გადატვირთეს. ხოლო დანარჩენი ირანის სახელმწიფო ავიაკომპანიამ გადაზიდა. The Guardian ასევე აღნიშნავს, რომ ირანმა დრონებთან ერთად გაგზავნა 54 ინსტრუქტორი, რომლებიც ეხმარებოდნენ რუს სამხედროებს დრონების დაუფლებაში.
ბრიტანული გამოცემა დასძენს, რომ რუსეთისთვის მიწოდებული უპილოტო საფრენი აპარატები იმავე ქარხანაში იწარმოებოდა ქალაქ ისპაჰანში, რომელიც იანვრის ბოლოს საჰაერო თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ეს, გამოცემის ცნობით, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რუსეთში დრონების მომავალ მიწოდებას, ვინაიდან დარტყმის შედეგად ქარხანა სავარაუდოდ, ძლიერ დაზიანდა.
რუსი სამხედროები აქტიურად იყენებენ ირანული წარმოების შაჰედ-131/136 კამიკაძე დრონებს უკრაინის სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე დასარტყმელად. 2022 წლის შემოდგომაზე The Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი თავის ტერიტორიაზე გეგმავს ირანული დრონების წარმოების დაწყებას.


