კიევმა გადმოგვცა კრემლის გეგმა, რომლის მიზანიც მოლდოვაში სახელმწიფოს გადატრიალებაა - სანდუ
13/02/2023 11:50:10 მსოფლიო
მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ მას გადასცა კრემლის გეგმა მის ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის შესახებ. გეგმის მიხედვით, სამხედრო მოქმედებები მზადდებოდა დივერსანტების მონაწილეობით რუსეთიდან, ბელარუსიდან და ბალკანეთიდან.
პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი გეგმავდა სახელმწიფო გადატრიალებას.
"ეს არის მოკლევადიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს დივერსიას სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი სამხედრო მომზადების მქონე პირების მონაწილეობით. ისინი გეგმავენ ძალადობრივ ქმედებებს, მათ შორის თავდასხმებს ზოგიერთ სახელმწიფო ინსტიტუტზე და მძევლების აყვანას", - განაცხადა მაია სანდუმ.
მისი თქმით, კიევის მიერ გადაცემული მასალები შეიცავს ამ დივერსიული ქმედებების ორგანიზების ლოგისტიკასთან დაკავშირებით დეტალურ დოკუმენტაციას.
"გეგმა ითვალისწინებს ხალხის გამოყენებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოლდოვაში ძალადობრივი ქმედებებისთვის. მაგალითად, მასალები შეიცავს მითითებებს რუსეთის ფედერაციის, ბელარუსის, სერბეთისა და მონტენეგროს მოქალაქეებისთვის მოლდოვაში შესვლისთვის", - თქვა სანდუმ.
პრეზიდენტმა დასძინა, რომ მოლდოვის სამართალდამცავი ორგანოები ემზადებიან ამ პროვოკაციების აღკვეთისა და სიტუაციის კონტროლის შესანარჩუნებლად.


