
თურქეთმა დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ უძრავი ქონების დეველოპერების მასობრივი დაპატიმრება დაიწყო
13/02/2023 11:18:14 მსოფლიო
თურქეთმა დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ უძრავი ქონების დეველოპერების მასობრივი დაპატიმრება დაიწყო. მათ "დაუდევრობას" ედავებიან.
თურქეთის იუსტიციის მინისტრ ბექირ ბოზდაგის განცხადებით, მიწისძვრის დროს დანგრეული შენობების მშენებლობასთან დაკავშირებით, სულ მცირე, 134 დეველოპერის წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება.
”ამ ეჭვმიტანილთაგან სამი დააკავეს სასამართლო პროცესზე, შვიდი მათგანი პატიმრობაში იმყოფება, შვიდს კი ქვეყნის დატოვება აეკრძალა. დაუდევრობა გამოვლინდა და რასაც კანონი მოითხოვს, გავაკეთებთ", – განაცხადა მინისტრმა.
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 34 179–მდე გაიზარდა.
თურქეთში, სულ მცირე, 29 605 ადამიანი დაიღუპა, სირიაში – 4 574.
ცნობისთვის: 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ გაზიანთეპთან მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სირიაში, ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელშიც იგრძნობოდა. მას რამდენიმე საათში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა.
მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაში.
ორივე ქვეყანაში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაიზრდება.