
თურქეთში გადაარჩინეს კიდევ 2 ადამიანი, რომლებმაც ნანგრევებში 7 დღე გაატარეს
13/02/2023 09:01:29 მსოფლიო
მაშველებმა თურქეთის გაზიანთეპის პროვინციაში გადაარჩინეს 40 წლის ქალი, რომელიც დაახლოებით 170 საათის განმავლობაში იმყოფებოდა 5-სართულიანი სახლის ნანგრევებში, – იუწყება Reuters.
გადარჩენილ ქალს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწიეს და შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
CNN-ის ცნობით, მაშველებმა ჰათაის პროვინციაში გადაარჩინეს კაციც, რომელიც ნანგრევებში იმყოფებოდა 167 საათის განმავლობაში.
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 34 179–მდე გაიზარდა.
თურქეთში, სულ მცირე, 29 605 ადამიანი დაიღუპა, სირიაში – 4 574.
ცნობისთვის: 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ გაზიანთეპთან მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სირიაში, ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელშიც იგრძნობოდა. მას რამდენიმე საათში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა.
მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაში.
ორივე ქვეყანაში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაიზრდება.