
მიწისძვრით დანგრეული სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში გაეროს ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანეს
13/02/2023 07:24:15 მსოფლიო
მიწისძვრით დანგრეული სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში გაეროს ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანეს. გასულ შაბათ-კვირას გაერომ შეძლო სირიის ამ ნაწილში თურქეთის ტერიტორიიდან გაეგზავნა ჰუმანიტარული დახმარება 32 სატვირთო ავტომანქანით.
ვითარება უკიდურესად მძიმეა სირიაში, მიწისძვრით დანგრეულ რაიონებში, რომელთა უმეტესობა მოქცეულია ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგე მეამბოხეების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. სამოქალაქო ომის გამო გართულებულია ამ რაიონებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევა.
12 თებერვალს შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ლინდა ტომას-გრინფილდმა უშიშროების საბჭოს მოუწოდა, დაუყოვნებლივ მიიღოს რეზოლუცია და უზრუნველყოს დამატებით ორი სასაზღვრო პუნქტის გახსნა მიწისძვრით დაზარალებული სირიელების დასახმარებლად.
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 34 179–მდე გაიზარდა.
თურქეთში, სულ მცირე, 29 605 ადამიანი დაიღუპა, სირიაში – 4 574.
ცნობისთვის: 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ გაზიანთეპთან მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სირიაში, ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელშიც იგრძნობოდა. მას რამდენიმე საათში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა.
მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაში.
ორივე ქვეყანაში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაიზრდება.