
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს
13/02/2023 07:20:37 საზოგადოება
პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის ორგანიზატორი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“.
პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას მოითხოვენ. გარდა ამისა, ისინი აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებასაც აპროტესტებენ, თითქოს უკრაინის ომში რუსეთი იმარჯვებს.
აქციის მონაწილეებმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი პლაკატები გაშალეს, წარწერით „თავისუფლება მიშას". აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „ირაკლი რუსო", რუსეთის მარიონეტებო, წადით!".
"ეს არ იქნება მხოლოდ ქართული ოცნების ოფისთან აქცია, მივალთ ყველგან სადაც ისინი იქნებიან და ყოველთვის შევახსენებთ, რომ ისინი არიან მოღალატეები, საქართველოს მიაქანებენ რუსეთისკენ და ამის უფლებას არ მივცემთ არც ერთ მათგანს."- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ალექსანდრე მილორავამ.
აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციები ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.