თურქეთში მასობრივი საფლავების გათხრა დაიწყეს: "დაღუპულებს გვიან ღამითაც ვმარხავთ"
12/02/2023 16:53:37 მსოფლიო
თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპული ადამიანების დაკრძალვის მიზნით მასობრივი საფლავების გათხრა დაიწყეს.
როგორც ბრიტანული მედია იუწყება, ცხედრები იდენტიფიკაციის მიზნით გროვდება სტადიონებზე ან ავტოსადგომებზე.
მისი ცნობით, თურქეთის პროვინცია გაზიანთეპში, ნურდაგის სასაფლაოზე მალე დაღუპულთათვის ადგილი აღარ დარჩება. ახლად გათხრილი საფლავები მონიშნულია ცარიელი საფლავის ქვებით. ნურდაგის სასაფლაოზე, სულ მცირე, ხუთი იმამი აღასრულებს დაკრძალვის ცერემონიას, ზოგჯერ 10-მდე დაღუპულისას ერთდროულად.
„ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანების ორმოცი პროცენტი შესაძლოა, დაღუპული იყოს. ცხედრებს გვიან ღამითაც ვმარხავთ ადგილობრივი მოქალაქეების დახმარებით“, – განაცხადა იმამმა სადიკ გუნეშმა.
როგორც დასავლური მედია იტყობინება, ნურდაგის მსგავსი ვითარებაა და მიწისძვრისგან დაზარალებულ სხვა ქალქებშიც. ბრიტანული მედიის ცნობით, სამხრეთ თურქეთის ქალაქ ოსმანიეში, სასაფლაოზე დაღუპულთა დაკრძალვიათვის ადგილი აღარ არის.
ცნობისთვის: თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 33 181–მდე გაიზარდა.
თურქეთში, სულ მცირე, 29 605 ადამიანი დაიღუპა, სირიაში – 3 576.
ცნობისთვის: 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ გაზიანთეპთან მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სირიაში, ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელშიც იგრძნობოდა. მას რამდენიმე საათში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა.
მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაში.
ორივე ქვეყანაში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაიზრდება.


