
მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს? ცოტა არ იყოს, სხვა ეპოქას გვახსენებს - ზურაბიშვილი
12/02/2023 15:37:47 პოლიტიკა
2023 საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მხატვარ სანდრო სულაბერიძს საქმეს ეხმიანება და ამბობს, რომ ეს “სხვა ეპოქას გვახსენებს”.
„20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერიის უკანა ეზოში… მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს ???? ცოტა არ იყოს, სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს!” – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: „ხელოვნება ცოცხალი და თავისუფალია“,- რუსთაველის გამზირზე, ეროვნული გალერეის წინ სანდრო სულაბერიძის მხარდამჭერი აქცია იმართება.
აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები აპროტესტებენ სულაბერიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოებას.
„ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“ – ასეთი წარწერა დატოვა მხატვარმა სანდრო სულაბერიძემ ეროვნულ გალერეაში, სადაც 4 თებერვალს ჯგუფური გამოფენა გაიხსნა. მხატვარმა წარწერა ავტოპორტრეტის ნაცვლად გააკეთა.
სანდრო სულაბერიძის მიერ კედელზე წარწერის გაკეთებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსს 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
კერძოდ, გამოძიება დაწყებულია 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, რაც კანონში ასეა განმარტებული:
ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს 1-დან 2 წლამდე შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე.