
CNN მიხეილ სააკაშვილის ახალ კადრებს ავრცელებს
11/02/2023 12:17:38 საზოგადოება
ტელეკომპანია CNN-მა კლინიკა „ვივამედში“ გადაღბული მიხეილ სააკაშვილის ახალი კადრები გაავრცელა, რომელშიც სავარაუდოდ, გონების დაკარგვის ეპიზოდები ჩანს.
გავრცელებული ვიდეოს ერთ ეპიზოდში ექსპრეზიდენტი პალატაში შედის, შემდეგ წონასწორობას კარგავს და საწოლთან ახლოს ეცემა. მეორე ეპიზოდში ის საწოლიდან ვარდება და ექთნები მის დახმარებას ცდილობენ.
ვიდეოები 2022 წლის 4 და 6 ოქტომბრით თარიღდება. კადრები CNN-ს სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა მასიმო დანჯელომ მიაწოდა.
ინტერვიუში ადვოკატი აცხადებს, რომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ გადაყვანა, რადგან უკვე არსებობს სერიოზული რისკი, რომ ის მკურნალობის შემთხვევაშიც ვეღარ გამოჯანმრთელოდება.
გონების კარგვის ეპიზოდზე მანამდე ოჯახის წევრები სააკაშვილზე დაყრდნობით საუბრობდნენ, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით კლინიკის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ პერსონალს ეს არ დაუფიქსირებია.
პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედში" იმყოფება. როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება.
6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.