Pet Shop Boys-მა პუტინის შესახებ სიმღერა "Living In The Past" გამოუშვა [ვიდეო]
11/02/2023 12:08:31 მსოფლიო
ბრიტანულმა ჯგუფმა Pet Shop Boys-მა გამოუშვა სიმღერა "Living In The Past" რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე. კლიპში გამოყენებულია კადრები პუტინის ინაუგურაციიდან, ვოლგოგრადში სტალინის ძეგლის გახსნის, საპროტესტო აქციების დროს დაპატიმრებების და ჯარისკაცების მარშის.
სიმღერის ტექსტის მიხედვით პუტინი ამბობს, რომ მისი ისევე უნდა ეშინოდეთ, როგორც სტალინის: "მინდა, ხალხი ჩემი სახელის წარმოთქმით მოკვდეს".
ჯგუფმა გასულ წელს დააფიქსირა საკუთარი პოზიცია რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით:
"2009 წელს მსოფლიო ტურნე სანკტ-პეტერბურგიდან დავიწყეთ. ბევრჯერ ვიყავით რუსეთში და დაგვიწერია სიმღერები რუსული თემებითა და გავლენებით. ახლა წარმოუდგენელია იქ სტუმრობა ან სიმღერის შესრულება. მაგრამ ჩვენ მოუთმენლად ველით იმ დღეს, როდესაც რუსეთში ფაშიზმი დაეცემა, კრიმინალი პოლიტიკოსები დაისჯებიან, სიმართლეს იტყვიან, მეზობელ ქვეყნებს არ დაემუქრებიან, არ შეიჭრებიან და ახალი რუსეთი დაიბადება. იმედია ჩვენ ახლოს ვიქნებით, რომ ეს ვნახოთ".
2021 წლის ბოლოს Pet Shop Boys-მა მხარდაჭერა გამოუცხადა უფლებადამცველ ორგანიზაციებს "საერთაშორისო მემორიალს" და "მემორიალს", რომლებიც რუსულმა სასამართლომ გააუქმა.


