35 ქვეყანა რუსი სპორტსმენების ოლიმპიადაში მონაწილეობის წინააღმდეგია
10/02/2023 18:06:27 მსოფლიო
ლიეტუვის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტრომ 10 თებერვალს განაცხადა, რომ 35 ქვეყნისგან შემდგარი კოალიცია მოითხოვს, რომ არ დაუშვან რუსი და ბელარუსი სპორტსმენები პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე.
ლიეტუველი მინისტრის იურგიტა შიუგჯინენეს თქმით, ასეთი გადაწყვეტილება 35 ქვეყნის სპორტის მინისტრების მიიღეს ონლაინ შეხვედრაზე, რომელშიც ასევე მონაწილეობდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
კოალიციაში ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა ასევე შედიან გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები და ავსტრალია.
იანვრის ბოლოს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) დასაშვებად მიიჩნია ოლიმპიადაში რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მონაწილეობა, თუ მათ საჯაროდ არ დაუჭერიათ მხარი უკრაინაში მიმდინარე ომისთვის. კომიტეტი ამტკიცებს, რომ არცერთ სპორტსმენს არ უნდა ჩამოერთვას შეჯიბრებებში მონაწილეობის შესაძლებლობა მხოლოდ პასპორტის გამო. IOC-ის წინადადების თანახმად, დაშვების შემთხვევაში, რუსი და ბელორუსი სპორტსმენები ოლიმპიადაზე ნეიტრალური დროშის ქვეშ იასპარეზებენ.
ამასთან დაკავშირებით დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „რუსეთის მკვლელობებსა და ტერორს ყალბი ნეიტრალურობითა და თეთრი დროშით ვერ გადაფარავ, ეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დონეზე უნდა იქნას აღიარებული“
„მკვლელობები და სარაკეტო დარტყმები რომ სპორტის ოლიმპიური სახეობები იყოს, მაშინ იცით, რომელი ეროვნული ნაკრები დაიკავებდა პირველ ადგილს და მნიშვნელობა არა აქვს, ექნებოდა თუ არა ამ ნაკრებს მისი სახელმწიფო დროშა", - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსი ტერორისტები განსხვავებულ სიმბოლიკას იყენებენ და ისეც ხდება, რომ ნორმალურ ცხოვრებას ყველანაირი სიმბოლიკის გარეშეც ანადგურებენ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია, კერძოდ ყირიმის ოკუპაცია, “ყველანაირი სიმბოლიკის გარეშე” დაიწყო.
“ამიტომ მინდა გკითხოთ: თუ აგრესორი სახელმწიფოს წარმომადგენლები საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში ან ოლიმპიურ თამაშებში გამოვლენ, მაშინ აქვს თუ არა მნიშვნელობა, რომ იქ თავისი ეროვნული სიმბოლიკის გარეშე იქნებიან? ტერორისტი სახელმწიფოს წარმომადგენლების მხოლოდ დასწრებაც კი - ძალადობისა და უკანონობის მანიფესტაციაა”, - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 228 სპორტსმენი და მწვრთნელი დაიღუპა:
"რამდენი რუსი სპორტსმენი გამოვიდა ტერორის დაგმობით, რომელიც მათმა სახელმწიფომ გააჩაღა? ფაქტობრივად არ არის არანაირი დაგმობა. მხოლოდ ერთეული ხმები, რომლებიც მალევე ქრება”.


