NATO–ს მოიერიშეებმა შარშან 570-ჯერ მოუჭრეს გზა რუსულ თვითმფრინავებს - მაჩვენებელი გაორმაგებულია
09/02/2023 13:06:30 მსოფლიო
2022 წელს ნატოს თვითმფრინავებმა ევროპაში 570 გაფრენა განახორციელეს, რათა შეეჩერებინათ რუსული სამხედრო თვითმფრინავები, რომლებიც ალიანსის საჰაერო სივრცეს უახლოვდებოდნენ,– ეს ადრე გამოუქვეყნებელი ციფრები გერმანიის სარედაქციო ქსელს (RND) ნატოს ოფიციალურმა პირმა მიაწოდა.
ნატოს წარმომადგენელმა თქვა, რომ 2022 წელს ყველაზე მეტი “ჩაჭრა” ბალტიის ზღვაზე მოხდა.
როგორც წესი, რუსული თვითმფრინავები ახერხებენ უკან დახევას და ესკალაციის თავიდან აცილებას: „საჰაერო შეხების აბსოლუტური უმრავლესობა უსაფრთხო და პროფესიონალური იყო“. თუმცა, რამდენჯერმე რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა „აწარმოეს სარისკო მანევრები ალიანსის შეუიარაღებელი სადაზვერვო თვითმფრინავების მახლობლად“. ნოემბერში რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა „სახიფათოდგადაუფრინეს ნატოს გემებს, რომლებიც რუტინულ პატრულირებას ასრულებდნენ ბალტიის ზღვაში“. ალიანსის წევრებმა დიპლომატიური არხებით გამოუცხადეს რუსეთის ხელისუფლებას შეშფოთება ამ ინციდენტებთან დაკავშირებით.
მოკავშირეები რიგრიგობით იცავენ ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის ცას მას შემდეგ, რაც ისინი შეუერთდნენ ნატოს 2004 წელს, რადგან სამ ქვეყანას არ გააჩნია საკუთარი მოიერიშე თვითმფრინავები. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ნატომ კიდევ უფრო გაზარდა საჰაერო პატრულირება ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, დაამატა მეტი თვითმფრინავი.
ნატოს საჰაერო კონტროლის მისიის თანახმად, მოიერიშე თვითმფრინავები აფრინდებიან ცაში, როდესაც რუსული თვითმფრინავები ალიანსის საჰაერო სივრცის მახლობლად არ იცავენ სათანადო პილოტირების პროცედურებს. ნატოს სწრაფი რეაგირების თვითმფრინავები მზად არიან, აფრინდნენ რამდენიმე წუთში, რათა შეაჩერონ ნებისმიერი თვითმფრინავი, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ალიანსის საჰაერო სივრცეს.


