
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამდენიმე ქალაქში აქციები გამართა
09/02/2023 10:53:49 საზოგადოება
„ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მხარდამჭერებმა საქართველოს რამდენიმე ქალაქში აქციები გამართეს. დემონსტრანტების მოთხოვნაა, მკურნალობის მიზნით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.
ბორჯომში აქციაზე მისულ რამდენიმე ათეულ ადამიანს სიტყვით მიმართა „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წარმომადგენელმა ვასო ურუშაძემ. მისი სიტყვებით კლინიკაში ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით მყოფი მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოიყენება არაადამიანური მოპყრობა.
„რაც ნიშნავს პრაქტიკულად პატიმრის წამებას და ამ ყველაფრის დირიჟორი და შემსრულებელი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პუტინის დავალებით ასრულეს აღნიშნულს. მან კარგად უნდა იცოდეს, რომ არ შერჩება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკვლელობა. შესაბამისად, არ შერჩება საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის მოსპობა“,- განაცხადა ვასო ურუშაძემ.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიასთან აქცია დაახლოებით ერთ საათში დასრულდა.
ხელვაჩაურის მერიასთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ მიხეილ ბოლქვაძემ მუნიციპალიტეტის მერს და საკრებულოს წევრებს მიმართა "აიღონ პასუხისმგებლობა, იმაზე, რომ ქვეყნის მესამე რეზიდენტს კლავენ ციხეში".
ხვალ აქცია დაგეგმილია ქობულეთშიც.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გეგმით, თბილისში, საქართველოს სხვა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში საპროტესტო აქციები დაიწყება, მათ შორის მანიფესტაციის გამართვა იგეგმება შეკვეთილში, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინიტრის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის სახლთან.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „პრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობაზე ხელმოწერა ნიშნავს ევროპული პერსპექტივის დასამარებას". მისი აზრით, სააკაშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით, „ივანიშვილმა ყველას გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი".