ჩრდილოეთ კორეამ ღამის აღლუმზე უფრო მეტი ბირთვული რაკეტა აჩვენა, ვიდრე ოდესმე
09/02/2023 09:31:24 მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეამ ღამის აღლუმი გამართა, სადაც აჩვენა უფრო მეტი საკონტინენტთაშორისო რაკეტა, ვიდრე ოდესმე და მიანიშნა ახალი მყარი საწვავის იარაღზე. კადრები ჩრდილოეთ კორეის მედიამ გაავრცელა,– წერს Reuters.
ფხენიანში 8 თებერვალს გამართული ღამის სამხედრო აღლუმი მიეძღვნა არმიის დაარსების 75 წლის იუბილეს. ღონიძიებაზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ქალიშვილთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც შესაძლო მომავალ ლიდერად ითვლება.
სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს ჩრდილოეთ კორეის 11 უდიდესი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა Hwasong-17. მათ აქვთ საკმარისი დიაპაზონი ბირთვული ქობინით დარტყმისთვის მსოფლიოს თითქმის ნებისმიერ წერტილში.
”ეს არის კუმულაციურად მეტი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გამშვები, ვიდრე ოდესმე გვინახავს ჩრდილოეთ კორეის აღლუმზე”, - თქვა აშშ-ის კარნეგის ფონდის მკვლევარმა ანკიტ პანდამ.
Hwasong-17 პირველად გასულ წელს გამოსცადეს.
აღლუმზე Hwasong-17 რაკეტების გარდა იყო პროტოტიპი ან მყარი საწვავის ახალი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის მაკეტი.
ქვეყნის უმსხვილესი ბალისტიკური რაკეტების უმეტესობა იყენებს თხევად საწვავს, რაც მოითხოვს შრომატევად პროცესს – მათ საწვავით შევსებას გაშვების ადგილზე. მყარი საწვავის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის განვითარება დიდი ხანია, განიხილება, როგორც ქვეყნის მთავარი მიზანი, რადგან ამან შეიძლება გაართულოს მისი ბირთვული რაკეტების აღმოჩენა და განადგურება. უცნობია, რამდენად ახლოსაა ქვეყანა ტესტირებასთან. ჩრდილოეთ კორეა პერიოდულად აჩვენებს მაკეტებს აღლუმებზე.


